ხაბეიშვილი – „რესპუბლიკელებზე“: „სამწუხაროა, რომ მათ ელისაშვილის გზა აირჩიეს“
11/12/2020 07:37:29 პოლიტიკა
„ენმ - ძალა ერთობაშიას“ წევრი ლევან ხაბეიშვილი საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ბლოკში შემავალი „რესპუბლიკური“ პარტიის გადაწყვეტილებას „სამწუხაროს“ უწოდებს და ამბობს, რომ თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ ელისაშვილის გზა აირჩიეს. „ენმ - ძალა ერთობაშიას“ პარტიული სიით მოპოვებული საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე პარლამენტში განცხადების შეტანას ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საბოლოოდ დასრულებამდე არ გეგმავენ.
"ბლოკმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, რესპუბლიკელებმა კი, ჩემდა სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა. არ შეიძლება ადამიანების მოტყუება და შეცდომაში შეყვანა", - ამბობს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, ტყუილია, თითქოს მოლაპარაკებების პროცესი და საპარლამენტო მანდატების გაუქმება ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
"მოლაპარაკებების გაგრძელება არგაგრძელებასთან საპარლამენტო მანდატები არაფერ შუაშია. ის, რომ ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება არ გაგრძელდება", - ამბობს ხაბეიშვილი.
„რესპუბლიკელი“ დეპუტატები არც ოპოზიციის მემორანდუმზე აპირებენ ხელის მოწერას, რომელიც დღეს ახალგაზრდობის სასახლის წინ მანდატების დემონსტრაციულად გაუქმების მიზნით იმართება.
"გული დამწყდა, არ ველოდებოდი", - ამბობს ხაბეიშვილი.
სამნიძემ და კორძაიამ თავიანთი გადაწყვეტილება ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების მნიშვნელობით ახსნეს.
"რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის: დღეს მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრებიან. პარალელურად ოპოზიცია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იკრიბება, სადაც ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, საპარალმენტო სიებს ანულებენ და უარს ამბობენ მანდატებზე. ღონისძიებაზე დასწრებას ოპოზიციის ნაწილი არ აპირებს.


