„ნატო-ში არ გვყავს მოკავშირეები, სადაც ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული“
11/12/2020 11:10:35 პოლიტიკა
ნატო-ს არ ჰყავს მოკავშირეები, სადაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ "საქართველოს პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.
„ნატო-ს სახელით საქართველოს ხელმძღვანელობას უკვე ვუთხარით, რომ ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო პოლიტიკურ სპექტრში არსებული პოლარიზაციის აღმოფხვრა. ცხადია, ნატო-ს წევრ ბევრ სახელმწიფოს აქვს დაყოფილი პოლიტიკური სისტემები და ეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ქმედითი მთავრობის არსებობა, მათ შორის პარლამენტში მყოფი აქტიური ოპოზიციის არსებობა არის ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობათა მუშაობის ძირითადი პრინციპი. ჩვენ ნატო-ში არ გვყავს მოკავშირეები, სადაც ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული“, – აცხადებს აპატურაი.
მისივე თქმით, პოლიტიკური პოლარიზაცია უმთავრესი პრობლემაა თავად საქართველოსთვის, მაგრამ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას სურს, იხილოს ამ პოლარიზაციის აღმოფხვრა:
„ყველას სურს, იხილოს კარგი ურთიერთობები ოპოზიციასა და მთავრობას შორის და რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოში ახლა ჯანდაცვის მნიშვნელოვანი კრიზისია და საქართველო ნამდვილად არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ სიტუაციას საუკეთესოდ უმკლავდებიან. ჩემს მშობლიურ კანადაშიც ოპოზიცია და მთავრობა კამათობენ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჯანდაცვის საკითხებს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზოგადად ერთი მიმართულებით მუშაობენ. ასე რომ, ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა ახლა ისე, როგორც არასდროს, მოუტანს სარგებელს ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს“.
ცნობისთვის: 11 დეკემბერს მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესწრებოდა. ოპოზიცა ბოიკოტის რეჯიმში რჩება, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. პარალელურად, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი შედგა, მომავალ კვირას მე–5 შეხვედრა გაიმართება.


