
ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამა მათ შორის, საქართველოს მარდაჭერას ითვალისწინებს
11/12/2020 15:23:24 საგარეო პოლიტიკა
ლიეტუვის მთავრობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის, მათ შორის საქართველოს მარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამა ლიეტუვის სეიმმა 11 დეკემბერს დაამტკიცა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ უკრაინისა და საქართველოს მისწრაფების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების აქტიურ მხარდაჭერას. ჩვენ აქტიურ როლს შევასრულებთ ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ სამეზობლოში, გვექნება ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რა დროსაც დავეხმარებით უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირებაში, ასევე ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინაშე მათი მდგრადობის გაძლიერებაში“, – ნათქვამია ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამაში, რომელიც სეიმის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამა რუსეთის აგრესიისადმი პრინციპულ დმაოკიდებულებას ითვალისწინებს:
„ჩვენ მხარს დავუჭერთ რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ მიზნობრივ და ეკონომიკურ სანქციებს; ჩვენ არა მხოლოდ დავუჭერთ მხარს მოლდოვის, საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვას, არამედ ასევე გრძელვადიანი პერსპექტივაში დავეხმარებით მათ, დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები“.