
"იმედია, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შემოვლენ"
12/12/2020 10:45:27 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში არ არის "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ადგილი და იმედსაც გამოთქვამს, რომ ეს ორი პარტია საკანონმდებლო ორგანოში არ შევა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში "ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების" ადგილია.
"რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ისინი არიან ოსტატები და საქართველოში არჩევნების გაყალბების დამამკვიდრებლები. ეს ყველამ იცის და სახელები და გვარები მათი ლიდერების, ამ კუთხით შეგვიძლია გავიხსენოთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ გუშინ პარლამენტში არ იყვნენ წარმოდგენილები ოპოზიციური პარტიები, მთლიანად ეკისრება რადიკალურ ოპოზიციას. არა მხოლოდ ისინი არ შემოდიან და უცხადებენ საბოტაჟს დემოკრატიულ პროცესს, არამედ „აბულინგებენ“ და აშანტაჟებენ უმძიმესი ფორმებით, ისინი აშანტაჟებენ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია. ეს არის სახე ამ პოლიტიკური პარტიების და ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ შემოვლენ საბოლოო ჯამში პარლამენტში და ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს სკამებს“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: 11დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახული 8 პარტია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") მე–10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. რაც შეეხება მანდატებს, მასზე უარი ყველა ოპოზიციურ პარტიას ჯერ–ჯერობით არ დაუფიქსირებია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021