Accentnews.ge
„ბატონი ხანგოშვილის "ტერორისტად" მოხსენიებაში ჩემი დადანაშაულება უსინდისო პოლიტიკური სპეკულაციაა“

„ბატონი ხანგოშვილის "ტერორისტად" მოხსენიებაში ჩემი დადანაშაულება უსინდისო პოლიტიკური სპეკულაციაა“

14/12/2020 14:30:58 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი, მე–10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გიორგი ხელაშვილი გერმანიაში მოკლულ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტზე განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ „ტვიტერის“ შეზღუდულმა ფორმატმა“ ვითარების აღწერის შესაძლებლობა არ მისცა.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ბოკერიამ და კანდელაკმა გამართეს ბრიფინგი, რომელზეც დამადანაშაულეს გასულ წელს ბერლინში ტრაგიკულ ვითარებაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის “ტერორისტად” მოხსენიებაში და თვალსაჩინოებად მოიტანეს ტვიტერზე 10 დეკემბერს ინგლისურ ენაზე გაკეთებული ჩემეული კომენტარი. ჩემს მიერ გამოქვეყნებულ ტვიტში ბატონი ხანგოშვილი მოხსენიებულია როგორც "დადანაშაულებული" ტერორისტი. ტვიტის ინგლისურ ორიგინალში წერია “alleged terrorist” ანუ "accused but not proven or convicted" (მტკიცებულების ან მისჯის გარეშე დადანაშაულებული), რაც სწორად ასახავს ვითარებას. ბატონი ხანგოშვილი სწორედ დაუსაბუთებლად იყო შერაცხული ტერორისტად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ.

თარგმანის წყარო: https://www.merriam-webster.com/dictionary/alleged

გასათვალისწინებელია, რომ „ტვიტერის“ შეზღუდული ფორმატი არ იძლეოდა ვითარების უფრო დეტალური აღწერის საშუალებას. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩემი დადანაშაულება ბატონი ხანგოშვილის "ტერორისტად" მოხსენიებაში არის უსინდისო პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც ჩემი და "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. “ევროპული საქართველოს” წევრები ან ინგლისურში მოიკოჭლებენ, ან შეგნებულად მიმართავენ დეზინფორმაციას, ან ორივე ერთად. ბოლო დღეებში ოპოზიციის მხრიდან მკვეთრად ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერების ფონზე, “ევროპული საქართველოს” იაფფასიანი გამოხტომა არის მცდელობა გადაფარონ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც ოკუპანტი რუსეთის ინტერესებს უკვე აშკარად და დაუფარავად ემსახურება. მოვუწოდებ წაგებულ ოპონენტებს, რომ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგს და შეწყვიტონ პოლარიზებული და დაუსაბუთებელი რიტორიკა, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს“,– განუცხადა ხელაშვილმა „აქცენტს“.

„ევროპულ საქართველოში“ კი ხანგოშვილთან მიმართებაში რუსეთისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციებში თანხვედრას ხედავენ.

„ზელიმხან ხანგოშვილს ტერორისტად მოიხსენიებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, გერმანიის მთავრობასა და პროკურატურას გამოძიების არცერთ ეტაპზე ეს ვერსია არც კი განუხილავს და გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ღიად განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის ეს მკვლელობა განახორციელა რუსეთის სახელმწიფომ. ზელიმხან ხანგოშვილი ნაყოფიერად თანამშრომლობდა ჩვენ სახელმწიფოსთან როგორც რუსეთის საჯაშუშო ქსელის წინააღმდეგ ჩვენ ტერიტორიაზე, ისე ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ და მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობაში ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან. ის, რომ ასეთ დამსახურებულ პიროვნებას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მოკლა, საქართველოს პარლამენტის, აწ უკვე კომუნისტური პარლამენტის წევრი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სპიკერი მოიხსენიებს ტერორისტად, ამაზე უკეთესი მაგალითი თანხვედრისა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეხედულებებისა და პოზიციებისა, უბრალოდ არ არსებობს.

ასევე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ გააძევა რამდენიმე რუსი დიპლომატი. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საუბრობს სწორედ ამ მკვლელობის გამო რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ჯიუტი, გამაყრუებელი დუმილი იყო თვალშისაცემი, თუმცა ახლა უკვე როცა რუსეთის მთავრობის მსგავსად, „ქართული ოცნება“ ზელიმხან ხანგოშვილს მოიხსენიებს ტერორისტად, ყველა კითხვის ნიშანი ამ საქმის ირგვლივ, სამწუხაროდ მოხსნილია“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში მოკლულ საქართველოს მოქალაქე კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა “სისხლიან და განსაკუთრებით საშიშ ბანდიტად” მოიხსენია.

«ეს ადამიანი აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის საბრძოლო მოქმედებებში სეპარატისტების მხარეს (…). ეს ადამიანი იყო ბოევიკი, თანაც ძალზე ხისტი და სისხლიანი. ჩვენ ის ძებნაში გვყავდა გამოცხადებული. მხოლოდ ერთ-ერთი “აქციის” დროს, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, ამ მკვლელს, ამ ბანდიტს 98 ადამიანი ჰყავდა მოკლული. ისვე გახლდათ მოსკოვის მეტროში ცნობილი ტერაქტის ორგანიზატორი” - განაცხადა პუტინმა.

პუტინის ბრალდებას ხანგოშვილმა 2016 წელს "აქცენტისთვის" მიცემულ ინტერვიუში უპასუხა:

არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ. გარდა ამისა, კონკრეტული ადამიანების ლიკვიდაციისთვის გამოიყოფა თანხა და ეს მათთვის, ასე ვთქვათ, ფულის კეთების წყაროც არის. ამასთან, ქართველმა გამომძიებლებმა მითხრეს, თითქოს ბესლანის საქმესთან მქონია კავშირი. სისულელეა! დავიწყოთ იმით, რომ ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მქონია და თავად ამბის თაობაზე ტელევიზიით შევიტყვე. თუ არ ვცდები, მაშინ აზერბაიჯანში ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს. ამ საქმესთან ჩემს კავშირს ვერაფრით დაადასტურებენ. ამასთან, თუ რუსულ მედიას გადაავლებთ თვალს, უამრავ რამეში მადანაშაულებენ, მათ შორის - ტერაქტების განხორციელებაშიც. ეს ტყუილია. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ჩემს მიერ განხორციელებული რომელიმე ქმედების დროს თუნდაც ერთი სამოქალაქო პირი დაშავებულიყოს, არათუ დაღუპულიყოს! რაც შეეხება რუს სამხედროებს, ვიმეორებ, ჩეჩნეთის ომში ვიბრძიოდი. თავდასხმამდე მომაწოდეს ინფორმაცია, რუსები საქართველოში ნიადაგის მომაგრებას ცდილობენ და პოტენციური მოწინააღმდეგეების გაწმენდას შეეცდებიან, ამიტომ ფრთხილად იყავიო. ამისთვისაც არ მიმიქცევია თავის დროზე ყურადღება “.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ამ დანაშაულის რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

გერმანიის ფედერალურმა პროკურტურამ კრასიკოვს ბრალი სს კოდექსის 211-ე – მკვლელობის მუხლით წაუყენა. საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ იგი დანაშაულს «ან ფინანსური გამორჩენის მიზნით სჩადიოდა, ან იზიარებდა დამკვეთების მოტივს – მოეკლათ პოლიტიკური ოპონენტი და ამ გზით შური ეძიათ წარსულში რუსეთთან კონფლიქტში მისი მონაწილეობის გამო».რუსეთის ხელისუფლება ამ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. პრეზიდენტმა პუტინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ხანგოშვილის სიკვდილი “ბანდიტური გარჩევების” შედეგი იყო. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის გადაცემას ითხოვდა. თუმცა გერმანიის ხელისუფლებამ ეს უარყო.მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი – რომან დ. Bellingcat-ის მონაცემებით, ის რომან დავიდოვია, თუმცა მისი გვარ-სახელიცა და მონაცემებიც გამოგონილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S