Accentnews.ge
ლომჯარია: "ზამთარში დემონტაჟი წარმოშობს არაადამიანური მოპყრობის რისკებს"

ლომჯარია: "ზამთარში დემონტაჟი წარმოშობს არაადამიანური მოპყრობის რისკებს"

15/12/2020 13:05:23 საზოგადოება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში აფრიკის დასახლებაში მერიის მიერ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს ეხმიანება და აცხადებს, რომ დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს.

ლომჯარიას თქმით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას.

"უმძიმესი იყო მედიაში გავრცელებულ კადრებში იმ ოჯახების ხილვა, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით დემონტაჟს დაექვემდებარა. დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება, პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც", - აცხადებს ომბუდსმენი.

ლომჯარიას თქმით, გამოწვევაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხიც.

"მართალია თბილისში ფუნქციონირებს ლილოს თავშესაფარი, სადაც არის თავისუფალი ადგილები, თუმცა იქ არსებული ფართები არ არის გათვლილი ოჯახების, მათ შორის არასრულწლოვანი პირებისთვის", - აცხადებს ომბუდსმენი.

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, რომ გაკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელიც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია რა ღონისძიებები იქნა და იქნება გატარებული იმ ოჯახების უსახლკარობისგან დაცვის მიზნით, რომელთა საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს დაექვემდებარა.

"რაც შეეხება თავად დემონტაჟის კანონიერებას, მართალია, ხელისუფლებას გააჩნია უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის აღნიშნული პროცესის კანონიერების საკითხს", - აცხადებს ლომჯარია.

დედაქალაქის მერიამ 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

"ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა ალტერნატივა აქვს მერიას იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახლი არ აქვს.

როგორც მან განაცხადა, ვისაც გარკვეული პრობლემა აქვს, ან სახლი დაენგრა, გამგეობები გამოყოფენ თანხებს და მათ დაეხმარებიან.

საია მოუწოდებს თბილისის მერიას, შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

მოქალაქემ, რომელსაც დღეს, 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა სოზარ სუბარმა მისცა.

"მოვიდნენ, გვითხრეს, გააკეთეთო, არჩევნები მოდისო. სოზარ სუბარმა შემოიარა, ააშენეთო. ავაშენეთ. სულ კაპიკ-კაპიკ და ასე დაგვტვოვეს პირღიები. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ქუჩაში მრჩება შვილები". - თქვა მან.

თავად სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ის მოსახლეობას ვერაფრს დაჰპირდებოდა, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S