TI: "ხელისუფლება უგულებელყოფს უსახლკარო პირების უფლებებს"
15/12/2020 13:59:47 სამართალი, საზოგადოება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მძიმე ეპიდემიური სიტუაციის ფონზე, არსებული რთული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობისა და ზამთრის მძიმე პირობების გათვალისწინებით, მსგავსი მკაცრი ზომების გამოყენებით, თბილისის მერია ამ შენობებში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
TI-ში მიაჩნიათ, რომ საცხოვრებლების დემონტაჟით ხელისუფლება უგულებელყოფს სოციალურად დაუცველი და უსახლკარო პირების უფლებრივ მდგომარეობას.
"მოვუწოდებთ თბილისის მერიას შეაჩეროს შენობების დემონტაჟი, შეისწავლოს იქ მცხოვრები პირების სოციალური პირობები და უზრუნველყოს ისინი, მათი საჭიროების გათვალისწინებით, სათანადო ალტერნატიული საცხოვრებლით", - აცხადებენ TI-ში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მზადყოფნას გამოთქვამს დემონტაჟის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მოქალაქეებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს.
დედაქალაქის მერიამ 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
მოქალაქემ, რომელსაც დღეს, 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა სოზარ სუბარმა მისცა:
"მოვიდნენ, გვითხრეს, გააკეთეთო, არჩევნები მოდისო. სოზარ სუბარმა შემოიარა, ააშენეთო. ავაშენეთ. სულ კაპიკ-კაპიკ და ასე დაგვტვოვეს პირღიები. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ქუჩაში მრჩება შვილები".
იხილეთ ასევე: ლომჯარია: "ზამთარში დემონტაჟი წარმოშობს არაადამიანური მოპყრობის რისკებს"
„ყველას ვპირდებოდი, სადაც შესაძლებელი იქნება, დავეხმარებით დაკანონებაში“


