"არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო და იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ"
15/12/2020 15:26:56 პოლიტიკა
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და იქ არ ცხოვრობდნენ ადამიანები", – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟის გადაწყვეტილების გამო ოპონენტების კრიტიკის პასუხად.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო უფრო მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან და ღია ცის ქვეშ დატოვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები. სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება ხორციელდება, აღიკვეთოს“, – განაცხადა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ცნობისთვის: თბილისში, აფრიკის დასახლებაში დღეს დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ პოლიციის დახმარებით შენობები დაანგრია. მერიის განცხადებით, მოქალაქეებს შენობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდათ აშენებული. საცხოვრისების მშენებლობა ადგილობრივებმა გააპროტესტეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს 8 პირი.


