კალაძის ცნობით, აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთების მიმთვისელებთა შორის არიან სოციალურად დაუცველებიც და რამდენიმე ავტომობილის მფლობელი პირებიც
16/12/2020 07:36:41 პოლიტიკა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ირწმუნება, აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთების უკანონოდ მიმთვისელებთა შორის არიან როგორც სოციალურად დაუცველთა სიაში მყოფები, ისე პირები, რომლებიც რამდენიმე ავტომობილს ფლობენ.
„ამ ადამიანებში არიან ისეთები, რომლებიც სოციალურთა ბაზაშია, თუმცა არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც მიწების დატაცებით ითბობენ ხელს.
მოქალაქე შ.ჟ სიღნაღის რაიონში ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს, მამას რეგისტრირებული აქვს 6 ათას მ.კვ სახნავ-სათესი მიწა. მოქალაე გ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე, მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში 1 255 მ.კვ. მიწის ნაკვეთს ფლობს. მოქალაე დ.ტ. თბილისში ფლობს ბინას. დედას ასევე სოფელ ჯიმითში აქვს 3 302 მ.კვ. მიწის ნაკვეთი. მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლობს 600 მ. კვ ფართს. მოქალაქე დ.მ თბილისში, ნავთლუხის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას ასევე აქვს 568 მ.კვ. ფართი ნავთლუხის დასახლებაში. მოქალაე ნ.ბ. რეგისტრირებულია კასპში. მამას კავთისხევსი 1 300 მ.კვ. ნაკვეთი. დედა რეგისტრრებულია ინდმეწარმედ“, - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხომაზე.
მისი თქმით, საკითხს მერია მოიკვლევს.
დედაქალაქის მერიამ 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
მოქალაქემ, რომელსაც დღეს, 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა სოზარ სუბარმა მისცა:
"მოვიდნენ, გვითხრეს, გააკეთეთო, არჩევნები მოდისო. სოზარ სუბარმა შემოიარა, ააშენეთო. ავაშენეთ. სულ კაპიკ-კაპიკ და ასე დაგვტვოვეს პირღიები. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ქუჩაში მრჩება შვილები".
ადგილობრივები სამართალდამცველებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ კიდევ 200–მდე ნაგებობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.


