თეა წულუკიანი: “მერია მილიონობით თანხას ხარჯავს უსახლკარო ადამიანებისთვის სახლ-კარის მოსაძებნად”
16/12/2020 13:05:46 პოლიტიკა
"მერია მილიონობით თანხას ხარჯავს უსახლკარო ადამიანებისთვის სახლ-კარის მოსაძებნად, თითქმის ყოველ წელს. მე ვიცი რომ ეს ძალიან დიდი თანხაა და დარწმუნებული ვარ, რომ არც ამ შემთხვევაში მერია არ მოერიდება იმ ხარჯს, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ თავზე ჭერი“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისი თქმით, მერიის გადაწყვეტილება იყო მძიმე, მაგრამ კანონიერი.
"მას [კახა კალაძეს] აქვს პასუხები, თუ რატომ მიიღო მერიამ ეს გადაწყვეტილება. თუმცა ჩემთვის, ამას ღიად გეტყვით, მთავარია რომ ვინაიდან ეს იყო მძიმე კადრები, მძიმე გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მერმა ახსნა, ეს სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ კანონიერება ხანდახან არ ნიშნავს, რომ ეს მარტივი გადასატანია, კონკრეტულ კონტექსტში, ამა თუ იმ ადამიანისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მერიამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ადამიანებიდან არცერთი, თუკი სიმართლეა რომ მათ სხვა საცხოვრისი არ აქვთ და მშენებარე სახლების დასრულებას და მათში შესახლებას ელოდნენ, არ დარჩნენ ჭერის გარეშე. მერია მილიონობით თანხას ხარჯავს ისედაც უსახლკარო ადამიანებისთვის სახლ-კარის მოსაძებნად, თითქმის ყოველ წელს, ზუსტი ციფრი არ წამომიღია, მაგრამ მე ვიცი რომ ეს ძალიან დიდი თანხაა და დარწმუნებული ვარ, რომ არც ამ შემთხვევაში მერია არ მოერიდება იმ ხარჯს, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ თავზე ჭერი” - განაცხადა თეა წლუკიანმა.


