მერის ქველმოქმედების პრობლემური მხარეები

16-12-2020 17:38:47 პოლიტიკა ,კომენტარი

ვიდრე ფიზიკის ქუჩის 15 დეკემბრის დრამატული მოვლენების მონაწილეები საკუთარ ბედს სამგორის გამგებელთან არკვევდნენ, სთავაზობდნენ დიალოგს და ახსენებდნენ „ქართული ოცნების“ დაპირებას, „ინდივიდუალურად მოგიგვარებთ საცხოვრისის პრობლემასო“, ამავე პარტიის გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიდუხჭირის, ნგრევის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე ასახულ მამა–შვილს შეხვდა, მათთვის საკუთარი ოჯახის სახელით ბინის ჩუქება დააანონსა, შეხვედრის ამსახველმა ფოტოებმა კი სოციალური ქსელი მოიცვა.

„სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა, სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს“, - დაწერა კალაძემ Facebook-ზე და მამა-შვილთან გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

რთულია, ვინმემ არ გაიზიაროს ერთი კონკრეტული ოჯახის სიხარული, რომ ის ზამთარს, ახალ წელს საკუთარ საცხოვრისში შეხვდება და არა სხვების მსგავსად კიბის ქვეშ, ამორტიზებულ ნაგებობასა თუ ფარდულში, თუმცა პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელი პირისმხრიდან მსგავს აქტს მძიმე პოლიტიკური განზომილება აქვს, სიმძიმე კი მოწყვლად ფენებს აწევთ ტვირთად.

აფრიკის დასახლება –15 დეკემბერი

აღნიშნულს იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ლინა ღვინიანიძეც.

„თბილისის მერმა თითქოს, სცადა, ამ ერთჯერადი ქველმოქმედებით დაეკომპენსირებინა ის ძალიან მძიმე ზიანი, რომელიც მერიამ გუშინ ოჯახებს მიაყენა და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც შიშში და მოლოდინში ცხოვრობენ,მათ შორის – თბილისში. ამიტომ, ეს მცდელობა არის პოპულისტური აქტი და არასერიოზული მიდგომა საკითხისადმი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსახლკაროების პრობლემაზე და მის ძალიან დიდ მასშტაბებზე, განსაკუთრებით თბილისში, თბილისის მერისგან არა ინდივიდუალურ ქველმოქმედებას, არამედპოლიტიკას, ამ ადამიანების აღიარებას, გრძელვადიანი სერვისების შექმნას და პრობლემების გადაჭრას ველით“.

ღვინიანიძის შეფასებით, ფაქტი, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი ნაცვლად შესაბამისი პოლიტიკის შექმნისა, ინდივიდუალური ქველმოქმედების ენით საუბრობს, მეტყველებს დიდ აცდენაზე, რომ საბინაო საკითხები არა პოლიტიკის, მმართველობის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ ინდივიდუალური ქველმოქმედების საგანია თავად მერის მხრიდანაც კი:

„მერის მხრიდან საკითხი ქველმოქმედების საგნადაა დანახული და ეს აქტი ირიბად, მაგრამ ცხადად გვიჩვენებს, რაშია პრობლემა – ის უსახლკაროების პრობლემას არ აღიარებს როგორც მნიშვნელოვან საჯარო საზოგადოებრივსაკითხებს, რომლის მასშტაბის, საპასუხო პოლიტიკის არარსებობის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი რჩება არასათანადო საცხოვრისსა და უმძიმეს პირობებში. ჩვენ მერის მხრიდან ველით არა ქველმოქმედებას, არამედ პოლიტიკას, პრობლემების აღიარებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას და არა ისეთის, როგორიც გუშინ ვნახეთ, რომელიც შესაძლოა, არ დასრულდეს აფრიკის დასახლებაში და გაგრძელდეს სხვაგანაც“.

ობიექტები თუ უფლების მქონე სუბიექტები?

უსახლკაროთა პრობლემატიკაზე მომუშავე იურისტი განმარტავს, რომ ქველმოქმედება არ არის ადამიანის უფლებების და მმართველობის საკითხი, ეს მხარდაჭერის თემაა, მერის ჟესტი კი მიუთითებს, რომ პრობლემას ცხადად ვერ ხედავს და ინდივიდუალური მიდგომებით ცდილობს, საკითხს პასუხი რაღაცნაირად გასცეს როგორც ინდივიდუალურმა მოქალაქემ და არა ქალაქის მერმა, რომელიც ამავე საკითხებზეა პასუხისმგებელი.

„ეს ადამიანები ვიღაცის გულმოწყალების ობიექტები კი არა, სუბიექტები, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებსაც აქვთ უფლება, ბინა სახელმწიფოსგან მიიღონ, რადგან უფლება აქვთ სათანადო საცხოვრებელზე. მერი კი ამ ქმედებით ობიექტებად აქცევს ადამიანებს. ამრიგად, დისკურსის შეცვლა, თითქოს ადამიანები წყალობის ობიექტები არიან და არა უფლების მქონე სუბიექტები, მნიშვნელოვანი ნეგატიური გზავნილია, რომელიც ამ აქტის მიღმა შეგვიძლია, დავინახოთ“.

ინდივიდუალური „ქეისები“ სხვების წინააღმდეგ

დედაქალაქის მერმა ჯერ 15 დეკემბერს, ნგრევის პარალელურად ისაუბრა კერძო ინტერესებზე, 16 დეკემბერს კი ჩაიკითხა რამდენიმე ინიციალი და მათი მფლობელობაში არსებული ქონების შესახებ გვამცნო სავარაუდოდ, აფრიკის დასახლებაში გამოწვეული პროტესტისადმი საზოგადოების სოლიდარობის გასანეიტრალებლად. როგორც ღვინიანიძე გვიამბობს, სადღეისოდ პრობლემაა, რომ მერიას არ ჰყავს აღრიცხული, რამდენი უსახლკაროა ქვეყანაში, მათგან რამდენს აქვს მსგავსი დროებითი პრობლემა, თუ რიგი ოჯახების შემთხვევაში ეს ქრონიკულია

„პრობლემაა, რომ ჩვენ არ ვიცით, რამხელაა უსახლკარობის მასშტაბი თბილისსა თუ ქვეყანაში. რაც შეეხება ინდივიდუალურ ქეისებს, ვერ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ მერის შეფასება ზუსტია, მათ ჩაღრმავება სჭირდებათ. შესაძლოა, მსგავს ობიექტებში რამდენიმე ადამიანი ცდილობს საცხოვრისის დაუმსახურებლად დაკავებას, ამას ვერც გამორიცხავ, მგრამ თბილისის მერიაა პასუხისმგებელი, მსგავსი შემთხვევები გადაარჩიოს და ეს გადარჩევა უნდა იყოს სამართლიანი, საფუძვლიანი, მას უნდა ჰქონდეს კრიტერიუმები. უსახლკარობის პრობლემებზე ასე ხელაღებით საუბარი არ შეიძლება. თუმცა თბილისის მერია ხშირად მსგავს შემთხვევებს ბევრი ჩასახლებისა და მსგავსი ობიექტების წინააღმდეგ იყენებს“,– დასძენს იურისტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები