ტიკარაძე ვარაუდობს, რომ მის წინააღმდეგ „კამპანიაში“ სახელისუფლებო გუნდის რიგი წევრებიც არიან ჩართულნი
16/12/2020 17:10:05 პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვარაუდობს, რომ მის წინააღმდეგ „კამპანიაში“ სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც არის ჩართული.
მისი თქმით, ეს ადამიანები შეიძლება, მაღალ თანამდებობებს არ იკავებენ, მაგრამ მათ „საკმაოდ დიდი ბიზნესინტერესები აქვთ".
რადიო „იმედის“ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ტიკარაძის წინააღმდეგ მიმდინარე "კამპანია" იმის ბრალი, რომ სახელისუფლებო გუნდის კონკრეტულ წარმომადგენლებმა მისი "წარმატება ვერ აიტანეს", მინისტრი პასუხობს:
"არც ჟურნალისტური გამოძიება გამიკეთებია და არც პირადი გამოძიება ჩამიტარებია, ამასთან დაკავშირებით, გუნდში მოხდა ეს ვერ ატანა თუ არა, მაგრამ, ნუ, ფაქტი არის და ეს განცდა ნამდვილად მაქვს, არა მხოლოდ ამის გამო, არამედ თვითონ იმ გადადგმულ ნაბიჯებში, რომელიც უკვე გადადგმულია, მე მქონდა იმის მოლოდინი, რომ არაერთი ადამიანის ინტერესებზე მოხდებოდა გადაკვეთა და ეს გადაკვეთა ნამდვილად მოხდა.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის ამაში გარკვეული სიმართლე, რომ არის ხალხი, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც თავისი კომპეტენციებით თავს ვერ ართმევს იმ ვალდებულებას, რომელიც მას დღეს აკისრია".
ცნობისთვის: ტიკარაძის მიმართ პრეტენზიები კოვიდის ფონზე მენეჯმენდთან დაკაშირებით მათ შორის მედიკოსებისგანაც ისმის, თავად ტიკარაძე კი თვლის, რომ „საქმეს კარგად“ აკეთებს.


