"ვაშაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაიღალა“
16/12/2020 18:01:24 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკით დაღალა, ენმ კი ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა.
"გრიგოლ ვაშაძე მარტო მე კი არ მესაუბრებოდა, არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ დაიღალა პოლიტიკით, აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. იგი ბრწყინვალე, კვალიფიციური დიპლომატია. ასეთი იშვიათად გვყოლია საქართველოს ისტორიაში. ახლა ნაციონალური მოძრაობა გადადის იმ ეტაპზე, როცა ბევრად სხვა ტიპის ბრძოლაა საჭირო, საჭიროა ბევრად შემტევი, ბევრად შორსწამსვლელი. ასეთი დრო მოითხოვს ახალ გამოწვევებს, ახალ ხალხს. ნაციონალური მოძრაობა უნდა გარდაიქმას, ისევე როგორც მთელი ოპოზიცია", - განაცხადა სააკაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
კითხვაზე, მოიაზრებდა თუ არა ვაშაძე "ოდიოზურ ფიგურებში" ვანო მერაბიშვილის, სააკაშვილი პასუხობს, რომ ხმები, თითქოს მისი გავლენები პარტიაში ფართოვდება, "სრული იდიოტიზმია":
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოვიდა ძალიან საინტერესო, ახალი ხალხი. ნიკა მელია ჩამოყალიბდა ახალ ლიდერად. კორძაია და სამნიძე სუპერვარსკვლავები არიან, საინტერესოა ნონა მამულაშვილი. ძალიან საინტერესოდ, ახლებურად წარმოჩინდა კახა ოქრიაშვილი, რომელთანაც ადრე უთანხმოება მქონდა".
ცნობისთვის:„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.


