ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის დამატებით 55 მლნ ევრო გამოყო

17-12-2020 11:05:21 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშრის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზის დაწყებას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს (დაახლოებით 215 მილიონ ლარს) შეადგენს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან დავითაშვილი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მეოთხე ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვაში, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი.

მათივე ცნობით, პროგრამა ასევე გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, ეს მხარდაჭერა ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ის გამოწვევების დასაძლევად გამოყოფილი უფრო ფართო დახმარების ნაწილია.

„2013 წლიდან, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მოხარული ვარ, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზის ფარგლებში მთავრობასთან ამ მიმართულებებით თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მომავალში, გვსურს ვიხილოთ უკეთ აღჭურვილი ქართველი ფერმერები, კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირში ექსპორტს უკეთ შეძლებენ. გარდა ამისა, გვსურს ვიხილოთ სოფლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და სერვისები, უფრო განვითარებული ტურიზმი, ეფექტიანი ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და მეწარმეობა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამას უკვე წლებია, მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოსთვის, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის.

„ამ პროგრამის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ევროპულ ბაზარზე ექსპორტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელება COVID-19-ის ფონზე და აღსანიშნავია, რომ მისი მეოთხე ფაზა ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო პანდემიასთად ბრძოლისთვის,“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა.

ასევე, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აქვთ მოლოდინი, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზაც წარმატებით განხორციელდება.

„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც ENPARD-ის სამივე ფაზა წარმატებით აქვს განხორციელებული. გვაქვს მოლოდინი, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზაც წარმატებით განხორციელდება. ეს არის საკმაოდ დიდი დახმარება, 55 მილიონი ევრო, საიდანაც 31 მილიონი ევრო იქნება პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ხოლო 24 მილიონი ევრო ტექნიკური და საგრანტო დახმარების სახით გაიცემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და რომელსაც ყოველთვის დიდი ეფექტი აქვს ევროკავშირთან ერთად შემუშავებული პოლიტიკის სწორად განხორციელებისათვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი.

„ENPARD IV დაეფუძნება ფართომასშტაბიან ინსტიტუციური განვითარების პროგრამისა (CIB) და ENPARD-ის წინა ფაზების ფარგლებში არსებულ შედეგებს. იგი გააგრძელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას ინსპექტირებისა და კონტროლის სისტემების დანერგვის და ახალი რეგულაციების შემუშავების კუთხით. ახალი ფაზა დაეხმარება სურსათის ბიზნეს ოპერატორებსაც, მიმდინარე რეფორმებთან მათი უკეთ ადაპტირების მიზნით.

ასევე, ENPARD IV გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რათა სოფლის სექტორმა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს. პროგრამის IV ფაზა მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების (მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების) ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. ამასთან, პროგრამა გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები