გახარია: „ინფექციის გავრცელების შეჩერება შევძელით“
17/12/2020 07:28:24 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების დაწესებიდან 20 დღის თავზე ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება მოხერხდა, თუმცა ეს „მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა“.
„დღეს მეოცე დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი, განვაცხადოთ, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ტესტირების პრინციპულად უფრო გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია.
უფრო მეტიც, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 000-ზე მეტი ტესტის პირობებში, ინფიცირების 3 000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ეს გვაძლევს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რადგან ეს არის მხოლოდ პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როცა ვამბობდით, რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც მოვახერხეთ. მაგრამ დღეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში, როდესაც ინფექციის გავრცელება თითქმის ყოველდღიურად ახალ რეკორდებს ამყარებს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ შეზღუდვებს, მათ შორის საახალწლო, საშობაო შეზღუდვებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იყოს პირველ რიგში პასუხისმგებლიანი და გონივრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გარდამავალი, მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს, პირველ რიგში შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ პირველ რიგში, ჩვენს ხანდაზმულებს, მოხუცებს, ქრონიკული დაავადებების მატარებლებს“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 001 ადამიანი, 31 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 201 368-ს შეადგენს. აქედან 169 282 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 953 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 859 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 170 PCR ტესტით.


