„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოცხადებული 8%-იანი მაჩვენებელი კიდევ ერთი სიყალბეა“
17/12/2020 08:43:24 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშულებს. კერძოდ, კობახიძის მტკიცებით, ISFED-ის ინფორმაცია – უბნების 8%-ში ბიულეტენების ზედმეტობაზე, სიყალბეა. არგუმენტად კობახიძემ მოიყვანა ორგანიზაციის მიერ უბნების მონაცემების არგასაჯაროვების ფაქტი და ცსკ–ს განსხვავებული მონაცემები.
"დაახლოებით 1 კვირის წინ მოვუწოდეთ სამართლიან არჩევნებს, გამოექვეყნებინა იმ უბნების მონაცემები, სადაც მათი მტკიცებით ხმების ზედმეტობა იყო. ამ მონაცემების გამოქვეყნებას 1 დღე სჭირდებოდა, თუმცა ორგანიზაციას მონაცემები ჯერაც არ გამოუქვეყნებია.
სინამდვილეში ქვეყნის მასშტაბით იმ უბნების საერთო რაოდენობა, სადაც ზედმეტობა დაფიქსირდა, ცესკოს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე იყო დაახლოებით 1%, ხოლო დაზუსტების შემდეგ გახდა, დაახლოებით, 0,5%.
უკვე ნათელია, რომ PVT-ის ანალოგიურად, 8%-იანი მაჩვენებელი არის სიყალბე რაც ამძაფრებს ხელოვნური მანიპულაციის ეჭვებს", - ამბობს კობახიძე.
სამართლიანი არჩევნები 1 ნოემბრიდან ამტკიცებს, რომ დისბალანსი უბნების 8%-ში გამოვლინდა. ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ მონაცემზე გავლენა, მათ შორის, არც პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებასა და შეცვლას მოუხდენია. თუმცა, მას შემდეგ, რაც 11 დეკემბრის საღამოს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შეიცვალა, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სარწმუნო ISFED-ის არც სხვა მონაცემებია.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.
ორგანიზაციის თქმით, შეცდომა პროგრამაში არასწორმა ფორმულამ გამოიწვია.


