Accentnews.ge
"რესპუბლიკური პარტია" კობახიძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს “ოპონენტების დევნის გაგრძელებად" აფასებს და მოუწოდებს "ოცნებას", უარი თქვას ინიციატივაზე

"რესპუბლიკური პარტია" კობახიძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს “ოპონენტების დევნის გაგრძელებად" აფასებს და მოუწოდებს "ოცნებას", უარი თქვას ინიციატივაზე

17/12/2020 12:11:23 პოლიტიკა

"რესპუბლიკური პარტია" "პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელებად" აფასებს “ქართული ოცნების” ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, პარტიები, რომლებიც სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან დაფინანსებას და უფასო სარეკლამო დროს ვეღარ მიიღებენ.

"ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ კანონპროექტის მიზანია იმ პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, რომლებიც ეწევიან საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟს, რაც ადასტურებს იმას, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს და მას არ ექნება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ლეგიტიმაცია. “ქართული ოცნება” ნაცვლად კომპრომისების ძიებისა, აგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით, ამჯერად კანონმდებლობის ცვლილების გზით. პოლიტიკური თვითნებობის, დევნის და უკანონობის მკაფიო დადასტურებაა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გაჟღერებული გეგმა, მისი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე (პოლიტიკური პარტიების თავისუფლება) და და მე-11 მუხლს (თანასწორობის უფლება).

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება შექმნან და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რომელსაც თვითონვე აფინანსებენ, როგორც შემოწირულობის, ასევე საბიუჯეტო დაფინანსების სახით, მათ მიერ მიცემული ხმების შესაბამისად (საქართველოს კანონი “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მუხლი 30)” – აცხადებენ პარტიაში.

“რესპუბლიკური პარტიის" განცხადებით, დემოკრატიული პროცესი არ გულისხმობს პოლიტიკური პარტიების მხოლოდ პარლამენტში საქმიანობას და აღნიშნული საკითხის ასე ვიწროდ განმარტება მიზნად ისახავს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დევნას და არა რეალური დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის ამომრჩეველთა მოთხოვის საფუძველზე, არჩევნების გაყალბების შედეგად შემდგარი პარლამენტის ბოიკოტირებას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის კანონიერ პროცესს.

“რესპუბლიკელები” მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, უარი თქვას წარმოდგენილ ინიციატივაზე, "უარი თქვას არსებული პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრამავებაზე, რადგან მისი, როგორც სახელისუფლებო პარტიის, ვალდებულებაა და ტვირთია მონახოს კომპრომისი საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც არ არის მისი პოლიტიკური გულშემატკივარი, მაგრამ სურს საქართველოს წინსვლა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S