"ჯერ სარალიძის საქმის შედარება უნდოდათ გირგვლიანის საქმესთან, შემდეგ შაქარაშვილის საქმის ხელისუფლებისთვის დაბრალება, იგივეა ბაჩალიაშვილის საქმეში, ბოლოს სიმართლე ირკვევა"
17/12/2020 15:46:05 პოლიტიკა
"მთელი 8 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ („ნაციონალური მოძრაობა“) თუ ვიყავით მკვლელები, ბიზნესის ჩამომმრთმევები, თქვენც ისეთივე ხართო, ეს უნდოდათ დაებრალებინათ „ქართული ოცნებისთვის“ და ყველა სიუჟეტი იყო ამ საერთო, ბინძური ქუდის ქვეშ მოქცეული", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„მათ სარალიძის საქმის, რომელიც საზარელი ფაქტი იყო, შედარება უნდოდათ გირგვლიანის საქმესთან, შემდეგ შაქარაშვილის საქმის დაბრალება უნდოდათ ხელისუფლებისთვის და ეს არ გამოვიდოდა. ბოლოს სიმართლე ხომ ირკვევა, იგივეა ბაჩალიაშვილის საქმეში. „ნაციონალური მოძრაობა“ ბინძური გზებით ცდილობს, რომ არა თუ თქვან, რომ ჩვენ უკეთესები ვართ, ისინი მთელი 8 წელია იმეორებენ რომ ესენიც („ქართული ოცნება“) ჩვენნაირები არიან და უნდათ, ეს მაინც დააჯერონ საზოგადებას. მაგრამ ეს არ გამოსდით. არ შეიძლება რომ „ქართული ოცნება“ შეადარო „ნაციონალურ მოძრაობას“. ვერც იმას დაიჯერებს საზოგადოება, რომ მათი მიმსგავსებული აზრი მოდის ვიღაცას თავში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის: პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.


