ჯაფარიძე კიდევ ერთი "გირჩის" დაფუძნებას აანონსებს
17/12/2020 17:42:36 პოლიტიკა
"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 26 დეკემბრიდან ქვეყანაში 2 "გირჩი" იქნება. მან ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა "ფორმულას" ეთერში დააანონსა.
"26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი "გირჩის" ყრილობა, სადაც ახალი "გირჩი" დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რავიცი, 2 "გირჩი" იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი, იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. ვაპირებ იგივე გავაგრძელო", - აღნიშნა მან.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალ "გირჩში" ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკით "გირჩის" მეშვეობით დაინტერესდნენ.
"ეს იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბევრი ახალი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლას. აქცენტი იქნება ახალგაზრდებზე, რომლებიც "გირჩმა" პოლიტიკით დააინტერესა და აჩვენა, რომ პოლიტიკის კეთება შეიძლება სუფთად და წესიერად", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თანაპარტიელებთან – ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტდა.
"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად "გირჩის" კეთებას", - წერდა ჯაფარიძე.
მოგვიანებით, განცხადება იაგო ხვიჩიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი პარტიის დატოვებას არ აპირებდა.


