პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას 21 დეკემბრიდან დაიწყებს: „არ იქნება დითირამბების მიძღვნა“
18/12/2020 14:34:29 პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე–სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა ნაკლებ მუხტს დატოვებს, თუმცა, უმრავლესობას ექნება კრიტიკული და საქმიანი კითხვები მთავრობის წევრობის კანდიდატებთან ნდობის გამოცხადებამდე.
"ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ძალიან რთულ პერიოდს გადის და ჩვენ არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პოზიციის ეტიკეტის გამო არ დავსვათ კრიტიკული კითხვები. მე ვფიქრობ, კრიტიკული კითხვები აუცილებლად იქნება და რა მიმართულებით და რა ფორმატით, მე ეს ვნახე მაშინ, როცა 8- ჯერ მოხდა ისე, რომ პარლამენტში მამტკიცებდნენ მინისტრად. ჩემთვის კარგად ცნობილია ეს ფორმატი. ოპოზიციის არყოფნა რა თქმა უნდა, ნაკლებ მუხტს დატოვებს ამაში, მაგრამ ეს არ იქნება დითირამბების მიძღვნა, ნამდვილად იქნება კრიტიკული და საქმიანი კითხვები", - განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობის შეფასებას, როგორც სერგეენკომ განაცხადა, ამ ეტაპზე რაიმე შეფასების გაკეთება ნაადრევია:
"პანდემია ყველაზე რთული გამოწვევაა მსოფლიოსთვის არასაომარ ვითარებაში. ახლა რაიმე შეფასების გაკეთება ნაადრევი მგონია. ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მთლიანად ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ექიმები, ექთნები, ინჟინრები ყველაფერს აკეთებენ პაციენტების კეთილდღეობისთვის", - განაცხადა სერგეენკომ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 21 დეკემბერს დაიწყება და 24 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება.
მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა.


