ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ
20/12/2020 14:11:46 პოლიტიკა
"ნაციონალურ მოძრაობას" ახალი თავმჯდომარე თვის ბოლოს ეყოლება,– გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დაასახელეს.
ენმ-ში ამბობენ, რომ კენჭისყრა ელექტრონული წესით მოხდება.
თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. მან "ფეისბუქზე" დაწერა, რომ არ ეთანხმება ენმ-ის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.
ვაშაძე ასევე მიუთითებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების ერთ-ერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა." მისივე თქმით, ასევე "მიუღებელია დიპლომატებზე თავდასხმა". ვინაიდან ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.


