რა განასხვავებს ახალ „გირჩს“ ძველისგან
21/12/2020 08:01:55 პოლიტიკა
„ძველ და ახალ „გირჩს“ შორის ბევრი განსხვავება იქნება - ერთ-ერთი მეტი ღიაობაა. იდეოლოგიას რაც შეეხება, ისევ კლასიკური ლიბერალიზმის ერთგული ვრჩებით“, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ინტერვიუში ზურაბ ჯაფარიძემ არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ საკითხზე „გირჩის“ მეორე ფრთასთან ითანამშრომლოს.
„საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი "გირჩი" მიესადაგება მის გემოვნებას. არ მგონია, „ოცნებას“ ჩაეხუტონ, არც ის, რომ პოლიტიკური სცენიდან გაქრნენ, ნიჭიერი ხალხია, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლიათ“, - ამბობს ჯაფარიძე და აანონსებს, რომ პარტიას ახალი სახეები აუცილებლად ეყოლება, მათ შორის – ბევრი ახალგაზრდა.
„რაც შეეხება გაერთიანებას, არავისთან არანაირი ფორმატით არ ვაპირებთ გაერთიანებას, „გირჩს“ თავისი გზა აქვს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
პარტიის დაფინანსების საკითხზე, ჯაფარიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის ფული არც აქამდე აუღია და არც მომავალში აპირებს.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე ახალ "გირჩს" 26 დეკემბერს დააფუძნებს. პარტია დარეგისტრირდება სახელით „მეტი თავისუფლება - „გირჩი“.


