„პატრიოტთა ალიანსმა“ მანდატებზე უარი თქვა: „ახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება“
21/12/2020 13:14:21 პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს“,– ამის შესახებ პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა და პარლამენტს შესაბამისი განცხადებითაც მიმართა.
მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და „სრულიად უსაგნოა „ქართული ოცნების“ ლოგიკა, თითქოს ოპოზიცია აღნიშნულს ვერ ამტკიცებს.
„გაყალბების დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა არსებობს – გადახედონ გადასწორებულ სამარცხვინო ოქმებს, რომლიც თავის დროზე ცსკ–მ გამოფინა. ჩვენ მუდმივად ვუსვამდით ხაზს, რომ არ შევალთ პარლამენტში, ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, მივყვებით ჩვენს სტრატეგიას და ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება ზნეობრივი და სამართლიანი. ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ არჩევნების უზურპაცია მომხდარიყო, ვიბრძოდით დემოკრატიული არჩევნებისთვის და ამას მივაღწევთ. ვტოვებთ მანდატებს, პროცესი გრძელდება“,– განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, პარტიის ყველა ლიდერი კორონავირუსით იყო დაავადებული, გამოჯანმრთელდნენ და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.
მან ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებში დიპლომატების როლს და ძალისხმევას ხაზი გაუსვა:
„ვაფასებთ მათ ძალისხმევას. მაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რაუნდი შედგება და შედგება შეთანხმებაც. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, მთავარია, მივაღწიოთ დემოკრატიულ არჩევნებს. ასეთი არჩევნები, ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში აუცილებლად დაინიშნება“.
ცნობისთვის: ამ დროისთვის მანდატებზე უარი ოფიციალურად საარჩევნო ბარიერგადალახული პარტიებიდან ექვს აქვს ნათქვამი, დანარჩენი ორი კი მოლაპარაკებების განახლებას და მის შედეგს ელოდება.


