Accentnews.ge
"დროა, პოლიტიკურმა ძალებმა ენერგია მიმართონ იმ ურთულესი ამოცანების შესასრულებლად, რაც წინ უდგას ქვეყანას"

"დროა, პოლიტიკურმა ძალებმა ენერგია მიმართონ იმ ურთულესი ამოცანების შესასრულებლად, რაც წინ უდგას ქვეყანას"

21/12/2020 18:02:44 პოლიტიკა

"დროა პოლიტიკურმა ძალებმა ენერგია მიმართონ იმ ურთულესი ამოცანების შესასრულებლად, რაც წინ უდგას ქვეყანას", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ– ფორმატში იმართება.

პრეზიდენტის თქმით, პანდემიამ ბევრი რამე შეცვალა, თუმცა არ შეუცვლია ის მთავარი გამოწვევები რაც არის საქართველოს გამოწვევებია.

"ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც სიტუაცია არ იძვრის თუ არა უარესობისკენ: პანდემიამ დაამძიმა ისედაც ძალიან მძიმე ადამიანური ვითარება. ჩვენი მოსახლეობა ქართველები თუ აფხაზები ვერ სარგებლობენ ელემენტარული ადამიანური უფლებებით: იდენტობა, ენა, თვითმყოფადობა დაუცველია. ზეწოლა ხორციელდება ყველა მიმართულებით, კერძოდ მიწების ოკუპანტზე გადაფორმების მცდელობით ან კიდევ საზღვრის გადაწევით მაგალითად სოფელ აიბღასთან!

ეს ნიშნავს, რომ არ ყოფნის მხოლოდ ფორმალური შეხვედრები ჟენევაში, რომელსაც სისტემატურად შლიან როგორც კი სერიოზული საკითხი წამოიჭრება. ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა მოვძებნოთ განახლებული გზებიც და ჩვენ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებთან უფრო მჭიდრო კავშირებიც. უნდა იგრძნონ ჩვენგან ზრუნვა, წუხილი და თანადგომა!

მივესალმები ამ დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლებას! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დროა, აქტიურად ვიმუშაოთ მისი არეალის გაფართოებისკენ, რაც ინციდენტების პრევენციის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია!

მეორე გამოწვევა, ამ წლის, იყო კონფლიქტი ჩვენს რეგიონში - ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე - ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფაცილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის!. სწორედ ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი.

მესამე გამოწვევა კი ჩვენს ევროატლანტიკურ გზას უკავშირდება, რამე თუ დრო მოსულია, რომ სიტყვებს საქმეც მოჰყვეს: ახალი ეტაპი იწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით და ამავე დროს საქართველომ უნდა დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი და უნიკალური ადგილი ასოცირების ფარგლებში, ჩვენივე მოწოდებებით და მოთხოვნებით. ნატოს თავისთავად ახალი არეალი ეხსნება, სადაც საქართველოს ბუნებრივად უჭირავს აქაც უნიკალური ადგილი - შავი ზღვა.

ამ ყველა გამოწვევასთან გამკლავება კი მოითხოვს ერთიან, კონსოლიდირებულ ქვეყანას და საზოგადოებას. სამწუხაროდ, შარშანდელივით პოლარიზაცია წელსაც ვერ გადავლახეთ. ამ წლის დასაწყისში ქვეყანა პრაქტიკულად ჩიხში შევიდა. ამ ჩიხიდან გამოსვლისთვის და ვითარების განმუხტვისთვის, მივიღე ჩემთვის პირადად, უმძიმესი გადაწყვეტილება. ყველას ძალისხმევის შედეგად და მინდა ელჩ ფაცილიტატორებს მადლობა გადავუხადო - მოგვეცა წინსვლის საშუალება: მიღებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები. შემდგომ კი საარჩევნო კოდექსი. არჩევნები ჩატარდა და შეფასებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც სამართლიანი და კონკურენტული. ამის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რჩება პოლარიზებული. დროა, პოლიტიკურმა ძალებმა ენერგია მიმართონ იმ ურთულესი ამოცანების შესასრულებლად, რაც წინ უდგას ქვეყანას ! და რაზედაც ვისაუბრეთ ეხლა და ალბათ ისაურებთ ამ დღეებში!

საკმაოდ რთული წელი გველოდება, მაგრამ როგორც ყოველთვის, დიდი ცვლილებების ჟამს, დიდ გამოწვევებთან ერთად, ჩნდება დიდი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, მოულოდნელი შანსები, მათთვის, ვისაც უნარი გააჩნია დაინახოს და მოერგოს ახალ რეალობას", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S