
„რთულია იდენტიფიცირება, სადაა დამზადებული “МИР”-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი. აღნიშნულს ადასტურებენ ჩვენი თურქი პარტნიორებიც“
22/12/2020 13:53:49 კონფლიქტები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აფხაზური საგადასახადო ბარათი „აფრა” სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი “МИР”.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, „ ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული “МИР”-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი. აღნიშნულს ადასტურებენ თურქი პარტნიორებიც“.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი დარგობრივი უწყება საქმის კურსშია და აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხზე.
საზოგადოებისთვის რომ გასაგები იყოს, რეალურად საქმე გვაქვს რუსულ საგადასახადო ბარათ “МИР”-თან და რუსეთის მცდელობასთან, რომ რუსული სისტემით დამზადებულ ბარათ “აფრა”-ს პოპულარიზაციით მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა.
სინამდვილეში, ბარათი “აფრა” სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი “МИР”, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება “აფრა” აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ “МИР”-ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული “МИР”-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი.
აღნიშნულს ადასტურებენ ჩვენი თურქი პარტნიორებიც, რომლებთანაც უკვე შედგა არაერთი კომუნიკაცია.
შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან აღნიშნულ საკითხზე.
მოგეხსენებათ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მით უმეტეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა მათგანი ურყევად ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მჭიდროდ თანამშრომლებს ჩვენთან რუსეთის ნებისმიერი უკანონო მცდელობის აღმოფხვრა-პრევენციის მიზნით“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული ბანკის ცნობით, "თურქულმა ბანკებმა აფხაზური „აპრას“ ბარათების მომსახურება დაიწყეს".