ინაშვილი: "ავთანდილ ენუქიძე თავისუფალია თავის ქმედებებში"
23/12/2020 11:23:25 პოლიტიკა
ავთანდილ ენუქიძე თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
„მე, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შევდივართ მეათე მოწვევის პარლამენტში. მოგეხსენებათ, ყველა პარტიაში არის ბიზნეს-შემადგენელი. ავთანდილ ენუქიძე წლების განმავლობაში პარტიის მხარდამჭერი და შემომწირველი იყო, აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში. როგორც დღეს მოვისმინე, მას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ჩვენ მივყვებით ჩვენი პარტიის გეზს და უარს ვამბობთ ამ პარლამენტში შესვლაზე“, - განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ „ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ“.
„მე ვარ და ვრჩები „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერად და მეგობრად. როდის შევალ პარლამენტში, არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავენ. არც არავის უცდია ჩემი შეზღუდვა, პირიქით“, - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ „კურიერთან“ საუბრისას.


