Accentnews.ge
ჯაფარიძე კობახიძის ინიციატივას უკან დახევად აფასებს

ჯაფარიძე კობახიძის ინიციატივას უკან დახევად აფასებს

23/12/2020 13:29:45 პოლიტიკა

"გირჩის" ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მმართველი გუნდის ერთგვარი უკან დახევაა. თუმცა, ჯაფარიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ინიციატივის არსი არ იცვლება და ხელისუფლება ოპოზიციის დაშანტაჟებას განაგრძობს.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვერ იაზრებს თუ რამდენად ღრმა კრიზისში იმყოფება ქვეყანა და ცდილობს, მრავალპარტიული პარლამენტის სურათი დახატოს.

"ერთგვარი უკანდახევაა, ალბათ, რადგან შეაჩერეს და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. თუმცა, ამით, ხომ ინიციატივების დაყენების არსი არ იცვლება. ქართული ოცნება ასეთი მიდგომით ცდილობს, დააშანტაჟოს ოპოზიციური სპექტრი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოკიდებულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებასა და ივანიშვილს არ აქვთ გააზრებული თუ რამდენად ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტის მიერ არჩეული დეპუტატები არ შედიან პარლამენტში, ეს აჩვენებს რამდენად ღრმა კრიზისია ქვეყანაში", - განაცხადა ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ზოგადად, პოლიტიკურ პარტიას არა ბიუჯეტი, არამედ ამომრჩეველი უნდა აფინანსებდეს.

ცნობისთვის: კობახიძემ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.

23 დეკემბერს კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა და ენმ-სთვის რეგისტრაციის გაუქმებაზე კანონპროექტი ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას გაუგზავნონ და განხილვები მხოლოდ ამის შემდეგ განაახლონ.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათმა უდიდესმა ნაწილმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S