
მთიანი ყარაბაღის შესახებ განცხადებების გამო ჰოჯესმა ზურაბიშვილი გააკრიტიკა
23/12/2020 15:02:17 საგარეო პოლიტიკა
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მთიანი ყარაბაღის შესახებ განცხადების გამო აკრიტიკებს.
"ეს შეცდომაა. განა საქართველოს პრეზიდენტი სუვერენიტეტს არ წარმოადგენს? რატომ უნდა უჭერდეს საქართველო იმ გეგმას მხარს, რომელიც რუსი ოკუპანტების გამაგრებას გამოიწვევს ყველა და მათ შორის, მის საზღვარზეც? რატომ აძლევს საქართველო რუს "მშვიდობისმყოფელებს" სომხეთში მათი საჰაერო სივრცის გავლით გადაფრენის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც რუს სამხედროებს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული?", – წერს ჰოჯესი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ საკუთარი პოზიციები ონლაინ–კონფერენციაში მონაწილეობისას დააფიქსირა. განაცხადა, რომ მიესალმება რეგიონში მშვიდობის აღდგენას.
"კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და ჩვენი სამივე მეზობლისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ მშვიდობის აღდგენის პროცესში საქართველოს პასიურობით იმედგაცრუებულია.
"მე ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი".