Accentnews.ge
"ახლა ვხედავთ შანსს, რომ 30–წლიანი საარჩევნო პრობლემები საბოლოოდ მოგვარდეს, ამისათვის საჭიროა პარლამენტის შიგნიდან ბრძოლა"

"ახლა ვხედავთ შანსს, რომ 30–წლიანი საარჩევნო პრობლემები საბოლოოდ მოგვარდეს, ამისათვის საჭიროა პარლამენტის შიგნიდან ბრძოლა"

23/12/2020 17:54:46 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ახლა ხედავს შანსს, იმ სისტემური ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელიც ბოლო 30–წელია ქართულ არჩევნებს თან სდევს.

"აშკარაა რომ ქართველი ამომრჩევლები დაიღალნენ ერთი და იგივე სახის დარღვევების ნახვით. მოდით გულახდილები ვიყოთ. თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კარუსელები. ამაზე მიუთითებდნენ ოდირისა და ეუთოს დამკვირვებლები წლების განმავლობაში თავიანთ დასკვნებში", - განაცხადა დეგნანმა "ფორმულასთან" ინტერვიუში.

მისი თქმით, ქართველების სურვილია, საარჩევნო რეფორმის განხორციელება და სისტემის სრულფასოვნად გამართვა და სწორედ ამიტომ უჭერდა აშშ მხარს საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, გაზაფხულზეც და ახლაც:

"ქართველებს სურთ, რომ მათი ხმები დაითვალონ. სურთ რომ შეიცვალოს სისტემა. ეს გვინდა ჩვენც. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს შეერთებული შტატების საელჩო წლებია საარჩევნო რეფორმის ძალისხმევას, მათ შორის, შარშან ზაფხულშიც, აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან საარჩევნო რეფორმის პაკეტის გაძლიერებაზე, რომელიც ახლახან მიიღეს".

ელჩი აღნიშნავს, რომ ე.წ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული საარჩევნო რეფორმა სრულფასოვნად არ ასახავს ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციებს და ამას ამერიკის საელჩო მუდამ საჯაროდ უსვამდა ხაზს.

დეგნანი აცხადებს, რომ ახლა ხედავს შანსს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრას, ამისათვის კი, მისი თქმით, საჭიროა პარლამენტის შიგნიდან ბრძოლა:

"ხმამაღლა გამოვთქვით ისიც, რომ ამ პაკეტში არ იყო შესული ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირმა და სხვა ექსპერტებმა შესთავაზეს. ჩვენ ახლა ვხედავთ შანსს, რომ საბოლოოდ მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც გამოყვეს ოდირისა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი მივიდეს პარლამენტში და იბრძოლოს ცვლილებებისთვის იმ ინსტიტუტების შიგნით, რომლებიც მათ შექმნეს და ააშენეს".

ელჩი აცხადებს, რომ სწორედ იმიტომ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს ბრძოლისათვის ინსტიტუტების გამოყენებისკენ, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ 20 წლის განმავლობაში აშენა.

"ამიტომ მოვუწოდებთ მათ, როგორი ხარვეზებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ინსტიტუტებს, ან როგორი სუსტებიც არ უნდა იყოს ოპოზიციის თვალში, ესაა დემოკრატიული ფორმატი, რომლის აშენებასაც საქართველომ 20 წელი მოანდომა. ამიტომ გვინდა ის გამოიყენოთ, რათა სისტემა უკეთესი გახდეს", -დასძინა ელჩმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S