Accentnews.ge
"მანამ, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ვერანაირი კავკასიური პლატფორმა ამ ქვეყნების მონაწილეობით ვერ იმუშავებს"

"მანამ, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ვერანაირი კავკასიური პლატფორმა ამ ქვეყნების მონაწილეობით ვერ იმუშავებს"

23/12/2020 17:55:52 პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, "ვიდრე რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული ვერანაირი კავკასიური პლატფორმა ამ ქვეყნების მონაწილეობით ვერ იმუშავებს".

"მანამ, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული; მანამ, სანამ ამ ოკუპაციის გამო საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ვერანაირი კავკასიური პლატფორმა ამ ქვეყნების მონაწილეობით ვერ იმუშავებს", – განაცხადა სამხარაძემ.

21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ელჩების კონფერენციაზე” სიტყვით გამოსვლისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონში წლის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად შეაფასა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ “საქართველო ვერ იქნება პასიური კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ”:

“კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე – მშვიდობის აღდგენას რეგიონში, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. [...] ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა — ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი”.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვერ აღიქმება "რომელიმე სხვა ინიციატივაზე გამოხმაურებად":

“პრეზიდენტის ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S