"ოცნების" წევრი ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტზე: "საზოგადოების დაკვეთაა"
24/12/2020 08:27:22 პოლიტიკა
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტის ინიცირება საზოგადოების დაკვეთაა.
მისი თქმით, ოპოზიციამ მისთვის მინიჭებული მანდატით უნდა ისარგებლოს და პარლამენტში შევიდეს:
"ამ კანონპროექტის ინიცირება გამოწვეულია საზოგადოების დაკვეთიდან და იმ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რომელიც ჩვენ გვავალდებულებს, რომ საზოგადოების ინტერესებში ვიმოქმედოთ და პარტიებმა, რომლებმაც, მოიპოვეს მანდატი, უნდა ისარგებლონ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, შემოვიდნენ პარლამენტში და მხოლოდ ეს უნდა იყოს საფუძველი იმისთვის, რომ მათ მიიღონ შესაბამისი დაფინანსება".
მისი განცხადებით, არჩევნები არ გაყალბებულა და ოპოზიციას ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის საფუძველი არ აქვს. გარდა ამისა, მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობა მიიღოს.
"ჩვენ არ გვაქვს იმის დროს, რომ ველოდოთ ოპოზიციას, როდის მოიფიქრებენ, რომ მეტი პასუსისმგებლობით მოეკიდონ, თუმცა ამავდროულად ჩვენ სრული გვაქვს მზაობა გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში, რომ როგორც კი ჩაინიშნება მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, ჩავერთოთ და გავაგრძელოთ ამ პროცესში მონაწილეობა", - აღნიშნა მიქანაძემ.


