"საგადასახადო შეთანხმების მანკიერი პრაქტიკა ან უნდა გადაიხედოს, ან გაუქმდეს"
24/12/2020 09:20:53 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამნეტთან მთავრობის ახალ შემადგენლობას საგადასახადო შეთანხმებებში შესატან ცვლილებებზე მოუწევს მსჯელობა. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე 2021-2024 წლებისთვის სამთავრობო პროგრამის - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარდგენისას განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ცვლილებების ფარგლებში შეიძლება დაკორექტირდეს ან საერთოდ გაუქმდეს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის "საგადასახადო შეთანხმების მანკიერი პრაქტიკა".
"ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური. საგადასახადო სისტემაში დღეს ჩვენ გვაქვს უამრავი შეღავათი, რომლის ეფექტურობაც უკვე აქტუალური აღარ არის. ჩვენ მოგვიწევს, უფრო დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს შეღავათი, იმისთვის, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, ზოგან გავაძლიეროთ და ხშირ შემთხვევაში ალბათ, გავაუქმოთ, იმიტომ, რომ ეფექტურობა ამ საგადასახადო შეღავათების, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დღეს.
ჩვენ ასევე ამ პარლამენტთან ერთად მოგვიწევს, განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების – დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები. ან საერთოდ, ამ პრაქტიკის გაუქმების საკითხი. მაშინ, როდესაც საგადასახადო საკანონმდებლო ჩარჩო მოყვანილია წესრიგში, მაშინ, როდესაც არსებობს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც აძლევს ბიზნესს შესაძლებლობას, გამოიყენოს დავების, მედიაციის და სხვადასხვა ინსტრუმენტები, დადგა დრო, რომ ჩვენ სერიოზულად განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების, როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ეფექტიანობა და მათ შორის სამართლიანობაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


