თურნავა: „არის დისკომფორტი, უხერხულობა“
24/12/2020 10:30:00 პოლიტიკა
არის დისკომფორტი, უხერხულობა, – ამბობს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა პარლამენტის ერთპარტიულ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებით: მინისტრთა კაბინეტს უსმენს და ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. თურნავა შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და ამბობს, რომ სწორედ ოპოზიცია უნდა გრძნობდეს თავს უხერხულად ამომრჩეველთან, რადგან ხალხის რჩეულებს პარლამენტში კრიტიკული კითხვები უნდა დაესვათ და საპარლამენტო მოსმენები დებატების რეჟიმში უნდა წარმართულიყო. „არის დისკომფორტი, უხერხულობა და ეს მათი პასუხისმგებლობა, ვინც ქუჩის პროტესტი არჩია“,– განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდენილ შედეგებს არ აღიარებს, რადგან გაყალბებულად მიიჩნევს, მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
პარლამენტი დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენს. პარალელურად აქცია მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან.


