ბურჯანაძე – რუსეთთან ურთიერთობაზე: „მე ღიად ვლაპარაკობ, ხელისუფლება კი ჩუმად, საზოგადოების ზურგს უკან მოქმედებს“
24/12/2020 16:05:01 პოლიტიკა
„დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ფორმატები, რომლებიც სადღეისოდ რუსეთთან მოკალარაკების ეგიდით მოქმედებს, მოქმედებს არა საქართველოს, ქართული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა „თავიანთი საქმე გააკეთონ“. ამ კონტექსტში მან რუსეთ–საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ახსენა და აღნიშნა, რომ რუსული ბაზარი საქართველოსთვის ნაწილობრივაა გახსნილი და მასზე წვდომა სწორედ ივანიშვილან დაახლოებულ ბიზნესმენებს აქვთ:
„გადის პროდუქტი, რომელსაც „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები აწარმოებენ“.
რაც შეეხება აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს, რომლის მიღწევადაც სახელდება ქართული პროდუქციის რუსული ბაზრის გახსნა, ბურჯანაძე ამბობს, რომ დიდი მოლოდინები იმთავითვე არ ჰქონდა.
„ფორმატებს თავისი საფუძველი, სწორი ჩარჩო და მიზანი უნდა ჰქონდეს. საუბარი საუბრისთვის არ უნდა იყოს. მას ამოცანა უნდა ჰქონდეს – იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენ გვაქვს. ცუდი არ არის, რომ რაღაც ხაზი არსებობს, მაგრამ ის ვერ მოაგვარებს უმთავრეს პრობლემებს და ასეც მოხდა“,– განაცხადა ბურჯანაძემ „მთავარი არხის“ ეთერში და დასძინა, რომ თავად ღიად საუბრობს, თუ რაა გასაკეთებელი, ხელისუფლება კი „ჩუმად, საზოგადოების ზურგს უკან მოქმედებს და ესაა აღმაშფოთებელი“.
ცნობისთვის: პრემიერ––მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში ჰკითხეს, ამოწურა თუ არა კარასინი–აბაშიძის შეხვედრებმა თავი. კითხვა გახარიას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დაუსვა, თან აღნიშნა, რომ ოპოზიცია გაახმოვანა, რადგან ისინი ამ კითხვას აუცილებლად დასვამდნენ. გახარიამ არ დააკონკრეტა, რა სარგებელი მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს, თუმცა აღნიშნა, რომ მას თავისი თავი არ ამოუწურავს.
მისი თქმით, ეს არის რუსეთ-საქართველოს შორის ერთადერთი ორმხრივი არხი პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად:
„ეს არხი სულაც ცალმხრივი რომ იყოს ამ არხზე უარის თქმა ვფიქრობ რომ არ არის სწორი. ამიტომ ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2012 წელს შეიქმნა.


