როგორ მოხვდა აშშ–ის მიერ სანქცირებული ირანული კომპანიის პროდუქცია თბილისში
24/12/2020 20:51:06 პოლიტიკა
ენმ–ის წევრებმა ირაკლი ნადირაძემ და ლევან ხაბეიშვილმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე სავარაუდოდ, აშშ–ის მიერ სანქცირებული ირანული კომპანიის პროდუქციას მიაკვლიეს. საუბარია თეთრ ქვებზე, რომლითაც დედაქალაქის მერია კახეთის გზატკეცილზე გზაგამყოფის მოპირკეთებას გეგმავს.
პროდუქციის შეფუთვაზე მწარმოებელ ქვეყნად მითითებულია ირანი, ხოლო მწარმოებლად ARVAND PETROCHEMICAL COMPANY და ეს სავარაუდოდ, სწორედ ის კომპანიაა, რომელიც აშშ–ს მიერ სანქცირებულ ირანული კომპანიების ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს.

„თითო ტომარა 1 ტონას იწონის. საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც გადაურიცხეს კომპანიას, რომელსაც, თუ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე შეხვალთ, ნახავთ, რომ სანქციების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა. ეს კი ნიშნავს, რომ თბილისის მერია მოქმედებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ–ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც ნიშნავს, რომ აზიანებენ ურთიერთობას აშშ–სთან და აზიანებენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ეს საერთაშორისო დონის სკანდალია. ნაცვლად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებს ვითვალისწინებდეთ, ვეძებდეთ ახალ საშუალებებს ურთიერთობისთვის, განვითარდეს ვაჭრობის ხელშეკრულება, მერია ღიად ურიცხავს თანხას სანქცირებულ კომპანიას და მისგან მასალებს ყიდულობს. საუბარია ვაგონებით ინერტული მასალის შემოტანაზე“,– განაცხადა ნადირაძემ.

პოლიტიკოსები შესაბამის უწყებებს, მათ შორის პრემიერ–მინისტრს მოუწოდებს, განმარტონ, როგორ და რატომ მოხვდა სანქცირებული კომპანიის პროდუქცია საქართველოში და რატომ გადაუხადეს მათ თბილისელების ფული.
საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ აშშ–ის საელჩოსაც.


