აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა
25/12/2020 07:40:07 პოლიტიკა
აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მისი პროგრამა.
მთავრობის უცვლელ შემადგენლობას, რომელსაც კვლავ თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს, მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 14-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი იყო ოპოზიციური ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ უმაღლეს საბჭოში შესული ერთადერთი დეპუტატი, ირაკლი ჩავლეიშვილი.
აჭარის მთავრობის წევრები არიან: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
აჭარის უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საბჭოში წარმოდგენილ სუბიექტებთან კონსულტაციის შედეგად.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსულტაცია 22 დეკემბერს გამართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან და 23 დეკემბერს გამოსცა განკარგულება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის წარდგენის შესახებ.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 14 „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და 7 ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“. ეს ბლოკი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მის შედეგებს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციური ბლოკიდან არჩეული 7 დეპუტატიდან 6-მა უმაღლეს საბჭოს მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად. საბჭოში საქმიანობა გადაწყვიტა ბლოკის საარჩევნო სიის წევრმა, ყოფილმა რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა.


