გოცირიძე: „როდესაც ფინანსთა მინისტრი პარლამენტის ტრიბუნაზე დადგება, მე მოველანდები“
25/12/2020 08:28:04 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს ენმ–დან რომან გოცირიძე პასუხობს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის ქმეედებს ოპოზიცია პარლამენტის შენობის გარედანაც აქტიურად გააკონტროლებს.
„არ დავაკლდებით – გარედანაც იქნება ძალიან სერიოზული კონტროლი მათზე და როდესაც პარლამენტის ტრიბუნაზე დადგება ფინანსთა მინისტრი და გაიხედავს მარჯვნივ – მესამე რიგის მესამე სკამზე მე მოველანდები: ვრტუალურად არ მივცემ უფლებას, ფლანგონ ფინანსები, ატყუონ ხალხი და ყოველთვის ვიდგებით სადარაჯოზე“,– განაცხადა გოცირიძემ.
კობახიძემ ოპოზიცია ცინიკურად მოიხსენია, შემდეგ კი განაცხადა, რომ პარლამენტს დააკლდა ისეთი ოპოზიცია, როგორიც ის არის.
„ძალიან მოკლედ მინდა შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია. ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი სამპროცენტიანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ ქართული ოცნება არის ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, ნაციონალური მოძრაობა კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი. თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს.
ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის, ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში აჟღერებული რუსეთის ჰიმნი. პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი თბილისო. ძალიან დაგვაკლდა პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა. ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე აღმაშენებლის მიერ პლენარულ დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდტესტი. ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით. ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას "ვაჟკაცური" პროვოკაციები. ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე. ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე, უბრალოდ, დაგვაკლდა. ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის პატიოსნება და კომპეტენცია, – ეს ნახევრად სერიოზულად. სერიოზულად კი, უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია. ისეთიც კი, როგორიც არის. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ მე მათ პარლამენტში შემოსვლისკენ და მე ეს ამ ტრიბუნიდანაც უნდა გავაჟღერო“,– განაცხადა კობახიძემ პარლამენტში.
ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს და მანამდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება.


