თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
25/12/2020 14:38:15 პოლიტიკა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
დედაქალაქის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება.
2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. მათ შორის, საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარი გამოიყოფა. მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები – უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ასევე ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან ექვს მილიონ ლარამდე გამოიყოფა.
2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, თბილისის საკრებულომ დღეს თბილისის მერის კახა კალაძის ანგარიშს მოუსმინა. გარდა ამისა, იმსჯელეს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.


