"ნაციონალური მოძრაობიდან" ბევრი წასულა, თუმცა ეს მოძრაობა კი არ სუსტდება, ძლიერდება"
27/12/2020 15:33:16 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობიდან" ბევრი წასულა, თუმცა ეს მოძრაობა კი არ სუსტდება, ძლიერდება", – ამის შესახებ ენმ–ის თავმჯდომარედ არჩეულმა ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მოგესალმებით საქართველოში ერთადერთ პარტიას, რომელმაც შექმნა პრეცედენტი და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, დიახ, ჩვენს აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების არჩევნების გზის გადაბარებაც, დიახ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ორივე - იერიშიც და უკან დახევაც. ასეთია ხალხის ნება. სხვადასხვა დროს ნაციონალური მოძრაობიდან ბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს, მაგრამ ბუნებრივია, იბადება კითხვა, როგორ ხდება, რომ ბევრი მიდის, წასულან დიდებიც, ბევრიც, ცოტაც, მაგრამ ეს მოძრაობა კი არ სუსტდება, არამედ პირიქით, ძლიერდება და გაძლიერებულა. ამას აქვს მარტივი ახსნა - ნაციონალური მოძრაობა არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება. ეს არ არის პერსონების მოძრაობა, ეს არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამიტომაც, ამ იდეას ვერც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს და ამარცხებს. ნაციონალური მოძრაობა არის მეტი, ვიდრე პარტია", – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა. იგი პარტიის ყრილობაზე ერთხმად დაამტკიცეს. მანამდე მელიამ Facebook-გამოკითხვაში გაიმარჯვა. მელიამ მხარდამჭერების 13 400 ხმა მიიღო, ლევან ვარშალომიძემ კი - 7 200. ორივე კანდიდატი პარტიის პოლიტსაბჭომ შეარჩია.
თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. მან "ფეისბუქში" პირად გვერდზე დაწერა, რომ არ ეთანხმება ენმ-ის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.
ვაშაძე ასევე მიუთითებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების ერთ-ერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა". მისივე თქმით, ასევე "მიუღებელია დიპლომატებზე თავდასხმა", ვინაიდან ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.


