მელია – მერაბიშვილზე: „თანამშრომლობას არ ვაპირებ“
29/12/2020 06:35:08 პოლიტიკა
ენმ–ის ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს.
როგორც მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განმარტა, პარტიასთან დაკავშირებული მისი გეგმები მისი და მერაბიშვილის ურთიერთობასთან თანხვედრაში არაა.
“ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, რომელმაც ბევრი რაღაცა გააკეთა მარტო პატრულის მაგალითს მოვიყვან შესაფასებლად. კრიმინალთან ბრძოლა იყო გამოცხადებული. ამ ნაწილში ბევრ სასიკეთო საქმესთან ერთად ბევრი შეცდომა და მათ შორის დანაშაული იყო დაშვებული. ვთქვი, რას გავაკეთებდი მის ადგილას და ვფიქრობ, რომ ამას თავადაც შეცდომად მიიჩნევს. არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება. მაგრამ იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო.
მაგრამ, ეს ადამიანი იმდენი ხანი იყო ციხეში, რამდენი წელიც შს მინისტრი. “ოცნებიდან” ბევრი 7 წელი კი არა, 7 დღე ვერ გაძლებს სამარტოო საკანში. ეს ყველაფერი ამ ადამიანს თავზე დაარტყა, მაგრამ მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. არც ძაგებას ვაპირებ და არც რაიმე სახით თანამშრომლობას. გამორიცხულია. ის ამოცანები, რომელსაც ვუსახავ პარტიას, არ მოდის თანხვედრაში ჩემი და მისი ურთიერთობა. ეს ყველაფერი ხილული გახდება – ვინ არის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაში და ვინ არ არის. ეს ყველაფერი ხალხმა უნდა დაინახოს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.


