Accentnews.ge
ბაქრაძე – „ოცნების“ ახალ სავარაუდო შეთავაზებაზე: „მსმენია“

ბაქრაძე – „ოცნების“ ახალ სავარაუდო შეთავაზებაზე: „მსმენია“

29/12/2020 13:16:21 პოლიტიკა

მსმენია – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის დიანა ტრაპაიძის კითხვას „ქართული ოცნების“ ახალი სავარაუდო წინადადების შესახებ. ჟურნალისტის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ აქვს შეთავაზება, რომ პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტის ფორმა მისცენ და თუ „ოცნება“ ვერ გაიმეორებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს – 48%–ს, 2022 წელს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა აღნიშნულ წინადადებაზე საუბარი.

„ადგილობრივი არჩევნები აბსოლუტურად სხვაა, საპარლამენტო – სხვა. ეს შეთავაზება ჩვენ არ მიგვიღია, მსმენია, ამიტომ, არ მინდა, რაღაც ჰიპოთეტურ შეთავაზებებზე ვისაუბრო“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კითხვას, ოპოზიციას აწყობს თუ არა მსგავსი წინადადება, ბაქრაძემ უპასუხა: „არ მიღებულ შეთავაზებაზე არ ვიტყვი, გვაწყობს თუ არა, მაგრამ ამ წუთში შემიძლია, გითხრათ, რომ ბევრად უფრო საღი აზრის მატარებელი იქნება პლებისციტის ჩატარება, სადაც ადამიანებს პირდაპირ ჰკითხავ, უნდა თუ არა არჩევნები [რიგგარეშე – რედ.]. ადგილობრივს სხვა სპეციფიკა აქვს , როცა სოფელი ირჩევს ადგილობრივ მაჟორიტარს, ვინაა სოფელში ავტორიტეტი და როცა მოქალაქე ირჩევს, ვინ უნდა იყოს ცენტრალურ დონეზე ხელისუფლებაში – ორი სხვადასხვა თემაა“.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ნებისმიერ წინადადებაზე იფიქრებენ:

„ფიქრით ნებისმიერ წინადადებაზე ვიფიქრებთ, რადგან „ქართული ოცებისგან“ განსხვავებით ჩვენ პასუხსიმგებლობას ვგრძნობთ“.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აფასებს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს და მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უწოდებს. სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ელჩების მედიატორობით უკვე შედგა ოთხი შეხვედრა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. არის მოლოდინი, რომ მომავალი წლის იანვარში მეხუთე შეხვედრა გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S