მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6 თვით გაუხანგრძლივდა
29/12/2020 14:40:54 პოლიტიკა
პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონს, რომლის საფუძველზეც, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6 თვით უხანგრძლივდება.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო.
როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტით, მთავრობას 2021 წლის 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდება ვადა, რათა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს და აკონტროლოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება და შესაბამისი ზომები მიიღოს.
“იმედი მაქვს, 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამისთვის საზოგადოება ვალდებულია დაიცვას ის რეკომენდაციები და წესები, რომელსაც საკონსულტაციო საბჭო გასცემს“, - განაცხადა ხუნდაძემ.


