"ამომრჩევლები მოდიან და ლამის გვაჯანჯღარებენ, შედით პარლამენტშიო"
29/12/2020 16:27:49 პოლიტიკა
"ამომრჩევლები მოდიან და ლამის გვაჯანჯღარებენ, შედით პარლამენტშიო", – ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
"ჩვენთან ოფისში არის რიგი, ხალხი მოდის, ვიღაცები სუს-ის გამოგზავნილები კი არა ან ოცნების შტაბის, ჩემი ალალი ამომრჩევლები და მხარდამჭერები რომ არიან და ლამის გვაჯანჯღარებენ მე და ლევან იოსელიანს, რომ შედით პარლამენტშიო. გვეჩხუბებიან, რომ რა დროს ესაა, რატომ ხართ იმათ აყოლილებიო", – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის: 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახული 8 პარტია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") მე–10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე ჯერ–ჯერობით უარს აცხადებს. ყველა მათგანმა, გარდა “მოქალაქეების”, “გირჩის” 3 წევრისა და “პატრიოტთა ალიანსის” ერთი წევრისა, სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადა და საარჩევნო სიები გააუქმა. პარალელურად, უცხოელი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 4 რაუნდი. როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი ჯერ–ჯერობით უცნობია.


