"ოპოზიცია მთლიანობაში უკან იხევს. ხვდებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან"
29/12/2020 16:02:30 პოლიტიკა
"ოპოზიცია მთლიანობაში უკან იხევს. ხვდებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ისინი ხვდებიან, რომ თავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს. მათ ორი არჩევანი რჩებათ – ერთია, ცუდი და მეორე - უარესი. ცუდია შემოსვლა და უარესია – არშემოსვლა. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას“, ჩვენ ბევრი მანევრი გვაქვს. ამიტომ ისინი ცდილობენ, თანდათან უკან დაიხიონ და მოძებნონ, გამოსავალი მათთვის შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან და იმ კრიზისიდან, რაშიც ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩაიგდო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, "ოპოზიციას ეშინია, რადგან რეალურად იცის რომ არჩევნები არ გაყალბებულა".
"ჩვენ რაც შევთავაზეთ ოპოზიციას, ყველაფერი არის საჯარო. ჩვენ შევთავაზეთ მათ შედეგების გადათვლა, გადამოწმება და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ამ ყველაფერს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. თუ ისინი აღმოაჩენენ თუნდაც მიზერულ გადახრას, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები. თუმცა, მათ აქვთ ძალიან მოკრძალებული პოზიცია ამ წინადადებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეშინიათ. ეშინიათ იმის გამო, რომ რეალურად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა საქართველოში. ისინი ვერ აღმოაჩენენ ვერც 1-პროცენტიან და ვერც 0.1-პროცენტიან გადახრას ქართული ოცნების სასარგებლოდ. არჩევნების გაყალბება იყო მათი პრაქტიკა და ეს პრაქტიკა 2012 წლიდან აღიკვეთა საქართველოში", – განაცხადა კობახიძემ.


