წულუკიანი – დგებუაძეს: "თვეში ერთხელ მოგმართავთ კომიტეტის სახელით, რომ მობრძანდეთ და აგვიხსნათ, რა გააკეთეთ"
30/12/2020 12:43:59 პოლიტიკა
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა ინიციატივა, რომლის თანახმად, განათლების სამინისტრო ითხოვს, რომ ბაღების ავტორიზაციის პროცესმა 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწიოს. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი დაინტერესდა, რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი 4–წლიანი პერიოდი ბაღების ავტორიზაციის პროცესის დასასრულებლად.
„ცოტა მეტი დასაბუთება გვჭირდება, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ ცვლილებას მხარი. იქნებ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, რა გაკეთდა ამ 4 წელიწადში. ჩამონათვალის სახით რომ გაკეთდა ეს – ამის მერე გაკეთდა ის, რომ გავიგოთ საერთოდ რა გაკეთდა. არ ვარ მთავრობისგან შორს მყოფი ადამიანი და ვიცი, როგორია გადავადების პრაქტიკა. ამიტომ, როცა გადავადებას ითხოვთ, დაგვისაბუთეთ რა გაკეთდა და რაში არ გეყოთ დრო“, – მიმართა თეა წულუკიანმა ეკატერინე დგებუაძეს.
განათლების მინისტრის მოადგილემ გადავადების მოთხოვნა პანდემიით ახსნა. ამაზე კი წულუკიანმა უპასუხა, რომ პანდემია არ დაწყებულა 4 წლის წინ, "ამიტომ, სასურველი იქნება, თუ მინისტრის მოადგილე თვეში ერთხელ განათლების კომიტეტის წინაშე წარდგება და ანგარიშს მოახსენებს, თუ რა გაკეთდა".
"პანდემია 4 წლის წინ არ იყო. თუ მახსოვრობა არ მღალატობს, მისი გაჩენიდან ჯერ ერთი წელიც არ არის გასული. თუმცა დავანებოთ ამას თავი. ორი რამ მინდა, შემოგთავაზოთ, ერთი ის, რომ დარგობრივი კომიტეტი ვართ, კი ბატონო, გადავავადოთ ერთი წელი, სადაც ოთხი წელი ვერ შევძელით, ერთი წლის თავზე, იქნებ, შევძლოთ. იქნებ, თვეში ერთხელ, მობრძანდეთ ჩვენს კომიტეტში და მოგვახსენოთ, რა გააკეთეთ იმიტომ, რომ გაისად ამ დროს ისევ არ მოხვიდეთ და არ მოითხოვოთ გადავადება. [...] თვეში ერთხელ – ოფიციალურად მოგმართავთ კომიტეტის სახელით, 12-ჯერ მობრძანდეთ და აგვიხსნათ, რომ ამ თვეში ეს გავაკეთეთ და ამ თვეში ის, რომ ვიცოდეთ რაზე ლაპარაკობთ თქვენ და რაზე ჩვენ", – მიმართა წულუკიანმა დგებუაძეს.


