ანდრია გვიდიანი - „მიმაჩნია, რომ აქცენტი დიდი, მარეგულირებელი ჰესების აშენებაზე უნდა გაკეთდეს“

31-12-2020 09:02:51 ანალიზი

2020 წელი საათებს ითვლის, საქართველოს მოსახლეობამ კი „საჩუქარი“ უკვე მიიღო გაძვირებული ელექტროენერგიის სახით: გაიზარდა ელექტროენერგიის როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული ტარიფი, რაც ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან მოხმარებულ ენერგიაში გადავიხდით მეტს, პლუს, მოიმატებს ფასები პროდუქტებზე, მომსახურეობის სფეროში – გაძვირდება ცხოვრება.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილოებს სემეკის თავმჯდომარემ უპასუხა, „ნონსენსური ვითარება გვაქვს - ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვაო“. საკმაოდ სახიფათო აქცენტი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშშიც, სადაც ვკითხულობთ, „საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ცდილობდნენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას და საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას“. ამ ნაწილშია საუბარი ჰესებზეც: „2019 წელს გარკვეული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზაციის მცდელობას“.

არის თუ არა გაზრდილ ტარიფებსა და ჰესებისთვის შექმნილ პრობლემებს შორის პირდაპირი კავშირი? რატომ იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი მაშინ, როდესაც მოხმარება შემცირებულია? რა რისკებს წარმოშობს ენერგოდამოკიდებულება თითოეული ჩვენგანისთვის და არსებობს თუ არა ოპტიმალური გამოსავალი? – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ ეკონომისტ ანდრია გვიდიანს ესაუბრა.

გვიდიანმა წლის შეჯამებისას აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სფეროში მცირე ჰესების მშენებლობის კუთხით გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა. თუმცა, მისი აზრით, როდესაც დარგის განვითარებაზეა საუბარი, არსებით მიმართულებას დიდი, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა წარმოადგენს, რადგან სწორედ მასშტაბური პროექტები ქმნის ენერგოსექტორის მდგრადობის და განვითარების წინაპირობას.

„მცირე ჰესებს ენერგოსექტორზე არ აქვთ იმ მასშტაბის გავლენა, როგორიც დიდ მარეგულირებელ ჰიდროელექტროსადგურებს. დიდი ჰესები დარგის განვითარებაში ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. კერძოდ, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები ენერგეტიკული სისტემის რეზერვის ფუნქციას ასრულებენ, რაც ქსელის გამართულად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ აქცენტი დიდი, მარეგულირებელი ჰესების აშენებაზე უნდა გაკეთდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურების პროექტები არ განხორციელებულა. თუმცა, ამჟამად რამოდენიმე დიდი ჰესის პროექტი მიმდინარე ეტაპზეა და ძალიან მალე მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადავა. მაგალითად, წინა სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურზე. აღნიშნული ობიექტი 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მარეგულირებელი სადგურია. უნდა აღვნიშნო, რომ ეს სადგური ჩვენი ენერგოსისტემისთვის სტრატეგიულ დანიშნულებას ატარებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ასეთი ჰესების მშენებლობას მაქსიმალურად ხელი უნდა შეეწყოს“.

რატომ იზრდება იმპორტი, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარებამ პანდემიის პერიოდში იკლო

„ზოგადად, ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. პანდემია არაორდინალური პერიოდია და, ვფიქრობ, საკითხს უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ თუ როგორ ვითარდება დარგი“ – ამბობს გვიდიანი და იქვე განმარტავს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად დაახლოებით, 5%–ით იზრდება, შესაბამისად, მზარდია იმპორტიც. ამრიგად, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზეა დამოკიდებული.

გვიდიანი ამბობს, რომ ყველაზე პესიმისტური გათვლით, თუ ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარების 3%–იანი ზრდა დაფიქსირდება, 10 წელიწადში დაახლოებით, 18.8 მილიარდი კილოვატ საათის მოთხოვნა გვექნება, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველაზე გამართლებული გზა, რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა.

„ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი სწორი გზა შიდა გენერაციის ობიექტების მშენებლობა და შიდა რესურსების ათვისებაა. საბედნიეროდ, ძალიან მდიდარი ჰიდრორესურსები გვაქვს. კონკრეტულად ჩვენი ჰიდროპოტენციალი განსაზღვრულია 15.500 მეგავატის დადგმული სიმძლავრის მოცულობით, რაც დაახლოებით, 40 მილიარდი კილოვატსაათის გამომუშავების ექვივალენტურია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს პოტენციალი ეკონომიკურად და ფინანსურად სრულიად გამართლებული და რენტაბელური რესურსია, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მსგავსი ტიპის პოტენციალზე ქვეყნები ოცნებობენ, თუმცა სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ჩვენ ასეთ რესურსებს არ ან ვერ ვითვისებთ“,– ამბობს გვიდიანი და გამოთქვამს იმედს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომა უკომპრომისო იქნება.

„ვთვლი, რომ სახელმწიფომ სასათბურე პირობები უნდა შეუქმნას ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში თავიანთი ფულადი რესურსებით მოდიან და გეგმავენ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას“.

რა კავშირშია ენერგეტიკა ქვეყნის დამოუკიდებლობასთან

„ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან. თუ ენერგოდამოუკიდებლობა არ გაქვს, ვერ იქნები ეკონომიკურად დამოუკიდებელი, ხოლო თუ ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ ხარ, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისითაც საკმაოდ დიდი რისკები ჩნდება. ზოგადად, ითვლება, რომ ენერგორესურსები ერთ–ერთ პოლიტიკურ ბერკეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ქვეყნის მთავარი ამოცანა და საზრუნავი არის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოსაუფრთხოების გაძლიერება. ამრიგად, ვფიქრობ, რომ ჩვენი ენერგოსექტორის განვითარების საკითხს გლობალურად უნდა შევხედოთ და არა მხოლოდ ჰესების მშენებლობის კონტექსტში. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მასშტაბური სურათის გაანალიზებით, ქვეყნის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის მიზნებიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნავს გვიდიანი.

რატომ ვერ ითვისებს ქვეყანა რესურსებს

ანდრია გვიდიანი პრობლემას რამდენიმე მიმართულებით ხედავს, თუმცა იქვე დასძენს, რომ დამაჯერებელი არგუმენტებით არც ერთი მიმართულება არ არის გაჯერებული.

„პრეტენზიები, რომლებსაც გაუგებარი არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ, ძირითადად, არგუმენტირებული მსჯელობისგან დისტანცირებულია. ეგრეთ წოდებული „მწვანე“ არასამთავრობო ორგანიზაციები არაკომპეტენტური მოსაზრებების შედეგად აცხადებენ, რომ თითქოს ჰესები გარემოს აზიანებს. ვთვლი, რომ ასეთი ტიპის განცხადებები უმეტესწილად არის დილეტანტური. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ საქართველოში დაგეგმილ ნებისმიერ ჰიდროელექტროსადგურის პროექტს გავლილი აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ძალიან მაღალი სტანდარტების კვლევები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ამდენად, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების თვალსაზრისით, არ არსებობს არცერთი დამაჯერებელი არგუმენტი, რომ ჰიდროელექტროსადგური გარემოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს“.

რაც შეეხება რიგ შემთხვევებში ადგილობრივების პრეტენზიებს, გვიდიანი მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის პირობებში გადაჭრადად მიიჩნევს.

„სწორი კომუნიკაციის პირობებში ადამიანები ხვდებიან, რომ ჰიდროელექტროსადგურები არა საფრთხე, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი ინსტრუმენტია. ამდენად, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინაღობას ვერ ვხედავ, რომელიც მასშტაბური პროექტების განხორციელებაში ხელშემშლელი ფაქტორი იქნება. სახელმწიფოს მხრიდან, დინამიური მიდგომები და მეტი მუშაობაა საჭირო. ვთვლი, რომ სწორი კომუნიკაციის მეშვეობით საზოგადოებას კარგად უნდა ავუხსნათ რა ტიპის ბენეფიტები აქვს ჰიდროპოტენციალის ათვისებას“, – განაცხადა გვიდიანმა და დასძინა, რომ „ხელისუფლებაში კარგად ესმით ენერგოდამოუკიდებლობის ფასი, მაგრამ ფაქტია, რომ მეტი მუშაობა, მეტი ჩართულობა და მეტი გაბედული ნაბიჯია გადასადგმელი“.

გაძვირებული ელექტროენერგია

გვიდიანის ანალიზით, ტარიფის გაძვირება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ ჰესებისა და ტარიფების საკითხს ერთობლიობაში განვიხილავთ, მთავარი ტარიფის სტაბილურობა იქნება, რაც სატარიფო პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანი ბენეფიტია:

„როდესაც ჰესების და ტარიფების ურთიერთკავშირზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ შიდა გენერაციის განვითარებით ელექტროენერგიის ტარიფები უფრო სტაბილური იქნება. აღარ ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებული და, შესაბამისად, ზუსტად გვეცოდინება გამომუშავებულ ელექტროენერგიაში რამდენის გადახდა გვიწევს. დღესდღეობით, დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რა ფასად მოგვყიდიან სხვა ქვეყნები ელექტროენერგიას და ამ პროცესზე არანაირი გავლენა არ გვაქვს. ამდენად, თუ ჩვენი რესურსები განვითარებული გვექნება, სიბნელეში ხელების ცეცების რეჟიმში აღარ ვიქნებით და ზუსტად დავგეგმავთ რა თანხის გადახდა მოგვიწევს ქვეყნის შიგნით გამომუშავებულ ენერგიაში, რაც ბუნებრივია ტარიფების სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - აღნიშნა გვიდიანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები