"პატრიოტთა ალიანსის" 3 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა
04/01/2021 11:14:40 პოლიტიკა
მე-10 მოწვევის პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი დეპუტატიდან სამს, რომლებსაც დაწერილი ჰქონდათ პირადი განცხადება მანდატების გაუქმების თაობაზე. მანდატები გაუუქმდათ: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, უპარტიო ავთანდილ ენუქიძემ თავიდანვე განაცხადა, რომ ის აპირებდა პარლამენტში შესვლას.
„პატრიოტთა ალიანსის“ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს „ქართული ოცნების“დეპუტატებმა 4 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე უყარეს კენჭი. პარლამენტს ჯერჯერობით არ განუხილავს სხვა პარტიების იმ 51 დეპუტატის საკითხი, რომლებმაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებზე ადრე მოითხოვეს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ საკითხის დაჩქარება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამ პარტიის სიის რამდენიმე წევრი მზად იყო შესულიყო პარლამენტში მათ ნაცვლად, ვისაც უფლებამოსილება შეუწყდებოდა. სხვა პარტიების საკითხს კი, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჭრილში განიხილავენ.


