Accentnews.ge
საქართველოს “მშვიდობისა და კეთილმეზობლობის ვიზიტით” რუსული პარტია სტუმრობს

საქართველოს “მშვიდობისა და კეთილმეზობლობის ვიზიტით” რუსული პარტია სტუმრობს

03/07/2019 14:53:35 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს რუსული პარტია «Яблоко»-ს (“ვაშლი”) წარმომადგენლები სტუმრობენ. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე თბილისში სტუმრობა “მშვიდობისა და კეთილმეზობლობის ვიზიტად” არის მოხსენიებული. 

ოფიციალური ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

“ახლა, როცა რუსეთის სახელმწიფო და ხელისუფლებასთან აფილირებულ მედიაში ამდენი სპეკულაციაა საქართველოში არსებული ვითარების  შესახებ, გადავწყვიტეთ, საკუთარი თვალით გვენახა რეალობა. ძნელბედობის ჟამს პასუხისმგებლობის მქონე, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსების ამოცანას ქვეყნებსა და ხალხებს შორის ხიხდების გადება უნდა წარმოადგენდეს და არა მათი დაწვა. ჩვენი მოგზაურობა – ეს მშვიდობისა და კეთილმეზობლობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი ვიზიტია” - აცხადებს პარტიული დელეგაციის ხელმძღვანელი, “იაბლოკოს” თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე გნეზდილოვი.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების უკანასკნელ – 20 ივნისის შემდეგ დაწყებულ კრიზისსა და კრემლის ახალ სანქციებს, რომელიც სრული დატვირთვით 8 ივლისიდან ამოქმედდება, როგორც პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი – გრიგორი იავლინსკი აცხადებს, კრემლის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კრიტიკას იმსახურებს.  

«[ავიაფრენების შეჩერებით] ზარალდებიან არა მარტო ქართული, არამედ რუსული ავიაკომპანიები, ტუროპერატორები, მსხვილი და მცირე მეწარმეები, რიგითი მოქალაქეები, რომელთაც დანაზოგი ეკარგებათ,  შვებულება უფუჭდებათ, ურთულდებათ კავშირი ნათესავებსა და მეგობრებთან. მაგრამ ვის აღელვებს ეს ყველაფერი?! ვის ავნო კრემლმა? - ადამიანებს!”, - განაცხადა იავლინსკიმ.

ცნობისთვის: “Яблоко” რუსეთის ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური ორგანიზაციაა. იგი ჯერ კიდევ 1993 წელს ბლოკის “იავლინსკი-ბოლდირევი-ლუკინი” სახით ჩამოყალიბდა, შემდგომში კი პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა, რომლის სახელი ბლოკის ლიდერების გვარების პირველი ასოებისგან შემდგარ აბრევიატურას წარმოადგენს. 

“იაბლოკო” რუსეთის პარლამენტის შვიდივე მოწვევის არჩევნებში მონაწილეობდა. ბოლო – 2016 წლის არჩევნებზე იგი მხოლოდ მე-6 ადგილზე გავიდა ხმათა 1,99 %-ით, შესაბამისად, ბარიერი ვერ გადალახა და სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩა.

“იაბლოკო”  რუსეთის ფედერაციაში  თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეასა და განვითარების ევროპულ ვექტორს ემხრობა, ეწინააღმდეგება ნაციონალიზმს, ბოლშევიზმსა და სტალინიზმს. მისი წევრები კრემლს ხშირად აკრიტიკებენ. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S