რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს რეგისტრაცია შეუჩერეს
07/01/2021 10:27:50 პოლიტიკა
რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს. მას ბაჩო ხურციძემ უჩივლა.
საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს. აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრმა გადაწყვიტა, რომ აბუსერიძეს შეუჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება და დადგენილების ხარვეზის აღმსოაფხვრელად განისაზღვროს 30 კალენდარული დღე.
იმ შემთხვევაში თუ აბუსერიძე 30 კალენდარულ დღეში შესაბამის დოკუმენტაციას არ წარადგენს, მას სარეგისტრაციო წარმოება შეუწყდება.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, 30 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა. მან 31 ხმა აიღო, ხოლო გოჩა სვანიძემ - 10. მესამე კანდიდატი, ბაჩო ხურციძე არჩევნებზე არ გამოცხადდა. ის თვლის, რომ არჩევნებისთვის უკანონო ყრილობა გაიმართა და ერთდერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.


