სააკაშვილი: „კაპიტოლიუმში, რა თქმა უნდა, „ქოცები“ შეიჭრნენ“
07/01/2021 21:13:26 პოლიტიკა
კაპიტოლიუმში, რა თქმა უნდა, „ქოცები“ შეიჭრნენ, – ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მთავარის“ ეთერში ტელეწამყვანის შეკითხვას, ვაშინგტონის მოვლენები საქართველოს სინამდვილეში რომ გადმოვიტანოთ, ვინ შეიჭრნენ კაპიტოლიუმში – „ქოცები“ თუ „ნაცები“.
ამასთან, სააკაშვილმა ერთგვარად გამოეხმაურა სენატორ შაჰინის გამოსვლას უპასუხა, გაიხსენა რა 2012 წელს მასთან და სენატორ რიშთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის მას მადლობა გადაუხადეს:
„შაჰინი მოვიდა მეორე საღამოს სენატორ რიშთან ერთად, რომელიც ახლა არის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე. მათ მითხრეს დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა. ისინი მოვიდნენ მადლობის სათქმელად. ამის შემდეგ ვნახე ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი. რამდენიმე კვირაში ფენიქსში მაკკეინმა მიგვიწვია თავისთან სახლში. ამ შეხვედრას ესწრებოდა დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე. მათი თანდასწრებით მან თქვა, რომ „შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონი“. ჯორჯ ვაშინგტონი იყო ადამიანი, ვინც იყო ამერიკის წარმატებული პრეზიდენტი, ამერიკის დამფუძნებელი მამამთავარი, რომლის სახელიც ჰქვია ამერიკის დედაქალაქს, რომელსაც შესთავაზა კონგრესის უმეტესმა ნაწილმა, რომ მას თავი გამოეცხადებინა მეფედ და სამუდამოდ დარჩენილიყო ამერიკის მმართველად. ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა, რომ „ამერიკა არის რესპუბლიკა და მე არასდროს ვიქნები მუდმივი მმართველი“. აქედან მოდის ამერიკის ფილოსოფია, რომ ქვეყანა არ ეკუთვნის არავის, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტი ეკუთვნის საკუთარ ქვეყანას“.


